700 ევროპარლამენტარში ვერ მოძებნეს ვერც ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ “ქართული ოცნება” რაიმე პოზიტიურს აკეთებს. ევროპარლამენტში გუშინ ნათლად გამჟღავნდა, რომ “ქართული ოცნება” არის მატყუარა ხალხის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უსირცხვილოდ ატყუებს ქართველ ხალხს – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა მდინარაძის განცხადებას, რომ აპრილში მიღებულ რეზოლუციაში მედიაგარემო კრიტიკულად შეფასებული არაა და აღნიშნა, რომ “ბატონ მდინარაძეს და სხვებს ალბათ გამოეპარათ, რომ სწორედ აპრილის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეპატიმრებინათ ნიკა გვარამია”.
“იმ ხალხმა, ვისაც “ქართული ოცნება” სისტემატიურად ლანძღავს, გააკეთა ნათელი გზავნილი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. “ქართული ოცნებისთვის” კრიტიკა არ დაიშურა არავინ, მათ შორის მათმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა. მსგავსი დებატები არ მახსენდება, როცა ხელისუფლებას არ ჰყავს არც ერთი დამცველი ევროპარლამენტში. დღეს მთავარი დაბრკოლება არის სწორედ ეს ხელისუფლება,”- განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ ნათელი გახდა, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგში შევიდა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა.
“ჩვენ მოვისმინეთ, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობას მიაჩნია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება აუცილებელი. აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, ჩაიწეროს თუ არა სანქციების მოთხოვნა დღეს მისაღებ რეზოლუციაში. ამიტომ დღეს თუ არ ჩაიწერება, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას,”- განაცხადა სამადაშვილმა