საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები გამოიწვია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-დან და ავსტრალიიდან კონსულტაციებისთვის ელჩების გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ივ ლე-დრიანის განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა მას შემდეგ მიიღო, რაც ავსტრალიამ აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან საგანგებო უსაფრთხოების პაქტის წარდგენის შემდეგ საფრანგეთისგან წყალქვეშა ნავების შეძენის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაუქმების თაობაზე განაცხადა.

ავსტრალიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ქვეყანა აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დახმარებით გეგმავს ბირთვული შესაძლებლობების მქონე რვა წყალქვეშა ნავის მშენებლობას. ავსტრალიამ საფრანგეთისგან 40 მილიარდი დოლარის ღირებულების წყალქვეშა ნავების შეძენის შესახებ შეთანხმებას 2016 წელს მოაწერა ხელი. შეთანხმებას ლე დრიანმა ავსტრალიის საქციელს ზურგში დანის ჩარტყმა უწოდა.

ავსტრალიის პრემიერის განცხადებით კი, ავსტრალიამ წყალქვეშა ნავების შეძენის შეთანხმების გაუქმებაზე საფრანგეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში განუცხადა. მისი თქმით, ავსტრალია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ შეწუხებულია საფრანგეთის მსგავსი გადაწყვეტილებით და მხარს უჭერს პარიზთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას. მათივე თქმით, საფრანგეთთან არსებული გაუგებრობის დარეგულირების თაობაზე მუშაობა მალე დაიწყება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საფრანგეთის მიერ ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.