24.04.2024
- Advertisement -spot_img

„საქართველოს მომავალი ევროპულია“ – სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი სტატია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ  სათაურით „საქართველოს მომავალი ევროპულია“.

„30 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, საქართველომ განაახლა ისტორიული მისწრაფება ევროპულ ოჯახთან შეერთებისკენ. 2004 წლიდან ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა ამაზე მდგრადი პროცესის ინიცირებით, რამაც დააახლოვა საქართველო ევროპასთან. გასულ ათწლეულში, ეს მოძრაობა დაჩქარდა 2014 წლის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, რომელიც ასევე მოიცავდა თავისუფალი ვაჭრობის ზონას, ხოლო 2017 წელს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია გაფორმდ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოდესმე იყო. ეს ის მიღწევაა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა, როდესაც საქართველო 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკური ჩიხში აღმოჩნდა, ლატენტურმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირა, ხოლო ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციის მცდელობის მიუხედავად, დაძაბულობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა.

„ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, გვსურს ჩვენი ღრმა კმაყოფილება გამოვხატოთ იმით, რომ ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა. ამ ხელშეკრულებით დასრულდა კრიზისი, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლისთვის და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპული გზაზე. დიალოგის, ლიდერობისა და კომპრომისის საშუალებით, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უარი თქვეს უთანხმოებებზე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ეს ნამდვილად ევროპული სულისკვეთებით გაკეთდა, რამაც ააღორძინა საქართველოს რეგიონში წამყვანი დემოკრატიის იმიჯი. პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, საჭიროა კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობის შენარჩუნება. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ეს შეთანხმება საქართველოს, მისი ხალხისა და ევროკავშირის გამარჯვებაა“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ პარტიული შუღლისგან შორს, აქცენტი გაკეთდება ქვეყნის წინაშე არსებული მწვავე საკითხების მოგვარებაზე, როგორიცაა პანდემიასთან გამკლავება, ასევე მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები, სტაბილურობის შენარჩუნება და ინვესტიცია მომავალში.

„ქართველებმა დაინახეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ კრიზისის დაძლევაში. დღემდე ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია 200-ზე მეტი კონკრეტული პროექტითა და 500 მილიონი ევროს ბიუჯეტით. ევროპის საინვესტიციო ბანკმა განახორციელა დაახლოებით 1,85 მილიარდი ევროს ინვესტირება ეკონომიკის განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში. ევროპიდან უფრო ხელშესახები მხარდაჭერა იქნება. ხელშეკრულება სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის დახმარებით, ეს შეთანხმება გააღრმავებს ქვეყნის ინსტიტუტების რეფორმებს, საარჩევნო პროცესი დააკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტს, ხოლო სასამართლო სისტემის რეფორმებმა უნდა შეწყვიტოს მაერთლმსაჯულების პოლიტიზირების აღქმა.

„ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს სტაბილურ, ძლიერად პროევროპულ პარტნიორს იმ რეგიონში, რომელიც აუცილებელია ევროპის ღირებულებებისთვის, უსაფრთხოებისა და ურთიერთქმედებებისთვის. იმ პერიოდში, როდესაც ხდება რეგიონალური ლანდშაფტის ფორმირება, საქართველოს მნიშვნელობა უფრო იზრდება, ვიდრე ოდესმე. ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირსა და საქართველოს ახლა სჭირდებათ ასოცირების შეთანხმების შესრულების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება. ორმხრივი დღის წესრიგის გარდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას განახლებული და გაღრმავებული აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის, რომელიც აფართოებს თანამშრომლობის სფეროებს, გაზრდის ევროკავშირის მხარდაჭერას და გააფართოებს კავშირებს ჩვენს ხალხებს შორის. ამის პარალელურად, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ პარტნიორებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის აღსანიშნავად, ჩვენ ვთავაზობთ უახლოეს თვეებში ლიდერების შეხვედრის გამართვას უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტებთან. რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური ზეწოლის ფონზე, ევროპისა და საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე უკეთესი პასუხი არ არსებობს. ერთი მხრივ, ევროპის გადამწყვეტი პოლიტიკური მხარდაჭერა მცირე, მაგრამ ძლიერი დემოკრატიისადმი და დესტაბილიზაციის ნებისმიერი ფორმის თავიდან აცილება. მეორე მხრივ, საქართველოს მტკიცე განწყობა გააგრძელოს შეუფერხებელი სვლა ევროატლანტიკური მომავლის არჩეულ გზაზე“, – ნათქვამია სტატიაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img