“ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” პიროვნული კულტის ქვეშ არის და მათ საპროტესტო აქციაც კი, მიხეილ სააკაშვილის დაბადებისდღეს დაანონსეს.
“სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არის. ვხედავთ, რომ თავის წინამძღოლს საპროტესტო აქციასაც კი დაბადების დღეზე უანონსებენ. რთულია “ნაციონალური მოძრაობის” ასეთი მდგომარეობა. ვხედავთ, ე.წ. ტალღას – თავისუფლება მიშას. მათ საზოგადოების ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. საზოგადოებამ ნათლად გასცა პასუხი, რომ არსებობს სამართლებრივი გზები და მართლმსაჯულება, რასაც პატივი უნდა სცენ და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. ეს არის ადამიანი, რომელმაც დეპუტატის ცემა დაუკვეთა, ამაზე სასჯელია გამოტანილი. ეს არის ადამიანი, რომელმაც ადამიანების მკვლელებს ხელი დააფარა, მას ამაზე სტრასბურგის სასამართლომ ხელი დაადო, რომ ის იყო ჩართული და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ასევე პასუხები უნდა გასცეს იმ კითხვებს, რაც კორუფციულ საქმეებში იკვეთება, რომ ეს სქემა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო აწყობილი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დაბადებისდღეს გამართავს.