23.11.2024

სჭირდება თუ არა პუტინს უკრაინის შემდეგ კიდევ ერთი ომი?

მიმდინარე წლის იანვრიდან თებერვლის ბოლომდე პერიოდში ვარაუდი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ მოლდოვასა და საქართველოზე გაილაშქრებს, რიგ-რიგობით ჯერ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, შემდეგ – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოლოს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გამოთქვეს. თუ გავითვალისწინებთ „თაიმინგსა“ და რეალობებს, მსგავსი განცხადებებისთვის წაყრუება გონივრული საქციელი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, როგორც ერთი ცნობილი კოგნიტური სტრატეგია გვეუბნება, „Умом Россию не понять“. საყურადღებოა ასევე, რომ ამავე პერიოდში საქართველოს წყენანარევი ტონით ახსენებდნენ რუსეთის მაღალი და უმაღლესი რანგის ჩინოსნები უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ბრაზით საუბრისას. ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ვეცდები, ქვემოთ მეტ-ნაკლები წარმატებით გავცეთ პასუხი კითხვას: იქნება თუ არა უკრაინის შემდეგ პუტინის ახალი ომი საქართველოში ან/და მოლდოვაში? ამ კითხვაზე პასუხს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის გარემოება, რომ ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 87% უკრაინის ომს „ჩვენს ომადაც“ მიიჩნევს (https://bit.ly/3tJWTjD).

კრემლის/პუტინის სტრატეგიული დონის პოლიტიკური მიზანი:

მხოლოდ იმის თქმა, რომ კრემლის (პუტინის) მიზანი მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფის შედეგების აღმოფხვრაა, ისეთივე ევრისტიკა მგონია, როგორც „Умом Россию не понять“, რომლის პოპულარობის მიზეზი კრემლის მახინჯი, წინააღმდეგობრივი და რთული პოლიტიკის ახსნის სიმარტივესა და ზედაპირულობაში მდგომარეობს. ამიტომაც ეს საკითხი ცოტა უფრო მეტ ანალიზს იმსახურებს. რაში სჭირდება კრემლს (პუტინს) საბჭოთა კავშირის აღდგენა და რატომ ვერ კმაყოფილდება არსებულით?

2021 წლის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა წინა წელთან შედარებით, 300.000-ზე მეტი ადამიანით შემცირდა. „როსსტატის“ მონაცემების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება https://bit.ly/35VSj9M არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც კია. არაოფიციალური მონაცემებით, ეს ციფრი წლიდან წლამდე 500.000-100.000.000 მილიონამდე მერყეობს, შობადობა კი სულ უფრო ნაკლებია https://bit.ly/3sT9CRQ. სერიოზულ დარტყმას აყენებს რუსეთის განვითარების პროცესს ე.წ „ტვინების გადინების“ პროცესი, რომლის ინტენსივობა 2012 წლიდან დღემდე 5-ჯერ არის გაზრდილი. ოფიციალურად გაცხადდა, რომ მხოლოდ 2019 წელს ქვეყნიდან 63.000-ზე მეტი უნივერსიტეტდამთავრებული მოქალაქე წავიდა, მათ შორის 300-ზე მეტი დოქტორის ხარისხის მფლობელი ან კანდიდატი იყო https://bit.ly/3vQ6bgH. სოფლის ტიპის დასახლებებიდან, ანუ უფრო მეტად პერიფერიიდან მოსახლეობის ნაკადები სულ უფრო იზრდება, რაც კიდევ უფრო დაუცველს ხდის მიტოვებულ ტერიტორიებს, რომელთა დიდი ნაწილი ქვეყნის ცენტრიდან საშუალოდ 1000 კილომეტრით არის დაშორებული. განსაკუთრებულ დემოგრაფიულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ რუსეთში დიდი ხანია, დაიწყო შრომისუნარიანი მოსახლეობის სწრაფი შემცირება. 1990-იანელები მცირერიცხოვანი თაობაა, ხოლო შრომისუნარიანები უკვე პენსიაზე გადიან. თანაც, საყურადღებოა, რომ „მცირერიცხოვნების“ ნაწილი ემიგრაციის ნაკადებშიც ხვდება. ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი კი, რომელიც სახელმწიფო სამსახურში ირიცხება, საჯარო მოხელისთვის აუცილებელი ვერც სათანადო კომპეტენტურობით დაიკვეხნის, ვერც კეთილსინდისიერებით. ეს ყველაფერი გვკარნახობს, რომ რუსეთის შიდაეროვნული პროდუქტის მაჩვენებელს ყოველწიურად ძირი უნდა ეთხრებოდეს.

ამდენად, წლიდან-წლამდე შემცირებული მუშა-ხელით, ეროვნული პროდუქტებით, სერიოზული დემოგრაფიული პრობლემებით, არაკომპეტენტური საჯარო მოხელეებითა და „ტვინების გადინების“ კატასტროფული მაჩვენებლით კრემლი მოკლებულია შესაძლებლობას, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში თვალსაწიერ მომავალში დაეწიოს და გაუთანაბრდეს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც მის «მთავარ მეტოქეებს გლობალური ჰეგემონიისთვის ბრძოლის გზაზე» (კრემლის პოზიციიდან).

„ევროკავშირისა“ და შტატების მოქალაქეების ცხოვრების დონეს რომ არ შევეხოთ და მოსკოვის ლოგიკით ერთმანეთს მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობები შევუპირისპიროთ, ცხადი გახდება კრემლის თავისტკივილის მიზეზი: „ევროკავშირის“ მოსახლეობა – 500 მილიონზე, ხოლო აშშ-ისა 300 მილიონზე მეტია, მაშინ როცა რფ-ისა – 144 მილიონი. ზემოთ არაფერი გვითქვამს და უნდა გავითვალისწინოთ რფ-ის მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც ალკოჰოლიზმით, ტუბერკულიოზით, HIV-თ, ნარკოდამოკიდებულებით იტანჯება. ჯამში მათი წილი საერთო რაოდენობის 20-25%-ს შეადგენს. კრემლში კი ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილის, როგორც დისბალანსის აღმოფხვრის გზად მხოლოდ „ახალი სისხლის“ გადასხმა – მიწებისა და ადამიანების ნებით თუ ძალით შემოკრება ესახებათ. სხვაგვარად წარმოუდგენელია კრემლის სამხედრო-პოლიტიკური ელიტის ძალაუფლების პროლონგირება.

არასახარბიელო ეკონომიკური თუ დემოგრაფიული მაჩვენებლები არ იძლევა ისეთი მიმზიდველი პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც სიამოვნებით გადაყლაპავდნენ პირდაფჩენილი რუსი ამომრჩევლები. მხოლოდ რუსეთის მიწების წარმატებით შეგროვების შესახებ მოყოლილი პროპაგანდისტული ნარატივი თუ გამოაძღობს ტოტალიტარული სულის მქონე, დამშეულ და სრულიად სამყაროზე გაბრაზებულ რუსეთის მოქალაქეს.

ამდენად, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის დასავლური ნარატივი, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ შეიქმნა და გაძლიერდა: „ეს არის პუტინის ომი; პუტინის, რომელმაც მოახერხა და ქვეყნის ეროვნული ინტერესები თავის პირად ახირებებს შეაზარდა».

ბუნებრივია, ეს მოკლე და არასრულყოფილი ანალიზი უამრავი ფაქტორისა და ცვლადის ანალიზს არ მოიცავს, თუმცა ვფიქრობ, პუტინის დასავლურ სამყაროსთან დაპირისპირების ლოგიკა ამ მიმართულებით უნდა ვეძებოთ. ანუ,

ამ ჭრილში ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რას გამოიწვევს უკრაინაში რუსეთის გამარჯვება?

თუ მივყვებით დაშვებას, რომ კრემლი საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის დასავლეთის აღმოსავლეთით გაფართოების შეზღუდვას საკუთარი საზღვრების გადაწევითა და ახალი მიწების შემოერთებით ცდილობს, მაშინ უკრაინაში მისი წარმატება ამ გზაზე გადადგმული დიდი და სერიოზული ნაბიჯი იქნება. რა შეიძლება, მოვიაზროთ კრემლის „წარმატებაში“? კიევში პრორუსული ხელისუფლების დასმა და ამ გზით უკრაინაზე ეფექტური კონტროლის დამყარება, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობა და მისი ტერიტორიების ათვისება, უკრაინის შუაზე გახლეჩა. ამ სამიდან ნებისმიერი სცენარის განვითარებას უნდა მოჰყვეს:

· ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის წყლის შეყენება;

· კოლექტიური დასავლეთის ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაცია;

· რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციური და რეპუტაციული კრიზისი;

· რუსეთის, როგორც ძლევამოსილი და ანგარიშგასაწევი ძალის მსოფლიოს მასშტაბით გაძლიერება;

· რუსეთის მოკავშირე თვითაღიარებული რესპუბლიკების გაყოყოჩება და წახალისება მორიგი სამხედრო ავანტიურებისთვის;

· რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში დასავლეთის, როგორც ძლიერი და სანდო მოკავშირის აღქმის დაკარგვა;

· ევროატლანტიკური ინტეგრაციის მსურველ საზოგადოებაში სერიოზული ნიჰილიზმი და იმედგაცრუება;

· სამხედრო თვალსაზრისით ლამის ევროპის შუაგულში რუსული სამხედრო პლაცდარმის გაჩენა;

· ენერგომატარებლებზე მოპოვებული ბერკეტების „ეფექტიანობის“ ზრდა და ამ გზით ევროპის ქვეყნების ნაწილის დაშანტაჟების „ახალი ძალებით“ გაგრძელება;

თუ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს კრემლის იმ ტრადიციასაც დავამატებთ, რომელიც თავის საზღვრებთან არსებული პრობლემების მოგვარების ერთადერთ გზად ამავე საზღვრების კიდევ უფრო გაღმა გადაწევას გულისხმობს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ შეიკავებს თავს უკრაინაში გამარჯვებული კრემლი მოლდოვაში ან საქართველოში გალაშქრებისგან?

მეორე კითხვა: რას გამოიწვევს უკრაინაში რუსეთის დამარცხება? ანუ, რას უნდა ელოდონ უკრაინაში პუტინის დამარცხების შემდეგ ის ქვეყნები, რომლებიც ევროპელმა ლიდერმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უკვე გააფრთხილეს? ამ კითხვაზე პასუხი ზემოთ, იმ მსჯელობაშია მოცემული, სადაც პუტინისა და მისი გარემოცვისთვის ძალაუფლების შენარჩუნების მნიშვნელობასა და ამ ძალაუფლების შენარჩუნების გზებზე ვსაუბრობდით.

2008 წლის სამხედრო აგრესია საქართველოში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ყირიმის ანექსია, უკრაინისთვის აღმოსავლეთ ტერიტორიების ჩამოჭრა და სეპარატისტული ტერიტორიების აღიარება, სპეცოპერაცია სირიაში… – თუ ზედხედიდან შევხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში პუტინი და მისი გარემოცვა ამ „პატარ-პატარა მიღწევებს“ მეტ-ნაკლები წარმატებით ყიდდნენ ქვეყნის შიგნითაც და მის საზღვრებს გარეთაც. მთელი ეს პერიოდი პუტინის, როგორც რუსეთის «მუხლებიდან წამომყენებლის» და «რუსული მიწების შემგროვებლის» იმიჯი შეურყვნელი რჩებოდა. ასეთივე წარმატებით იყიდებოდა მისი იმიჯის შესაბამისი ნარატივები მთელი რუსეთის მასშტაბით. 2012 წელს რუსეთის მოსახლეობის 64% ფიქრობდა, რომ პუტინის მმართველობამ ქვეყანას უფრო მეტი კარგი მოუტანა, ვიდრე ცუდი, თუმცა მისგან ცვლილებებს მაინც ელოდა. უკრაინაში 2014 წლის მოვლენებიდან რამდენიმე თვეში პუტინის პოლიტიკის საქმიანობას რუსეთის მოსახლეობის 85% იწონებდა – “Больше не стыдно”, იძახდნენ ცდისპირები, რომლებსაც პუტინის საქმიანობის შესახებ ეკითხებოდნენ. ამ და სხვა კვლევებიდან ცალსახად იკვეთება, რომ პუტინის ეს „პატარ-პატარა მიღწევები“ მისი და მისი გარემოცვის ძალაუფლების დღეგრძელობასთან აშკარა კორელაციაშია. უფრო მეტიც, იკვეთება, რომ ამგვარი «ქირურგიული ჩარევების» გარეშე რეჟიმს სიცოცხლე არ შეუძლია. მაშინ კიდევ ერთხელ უნდა ვიკითხოთ, რა ეშველება ამავე რეჟიმს ომის წაგების შემთხვევაში? აპატიებენ მას ამ მარცხს? ხომ არ დასჭირდება მას საკუთარი თავის გადასარჩენად მცირე ომი ტრიუმფისთვის?

მარცხის შემთხვევაში ომის ალბათობის სასარგებლოდ უნდა მუშაობდეს არგუმენტი, რომელზეც ქვემოთ უნდა ვისაუბრო – ეს არის რუსეთის შეიარაღებული ძალების ავტორიტეტი და ამ ავტორიტეტის პროპაგანდისტული ხერხებით ხელისუფლების მიღწევებზე მიკერება. აღლუმების ტრადიციას რუსეთი რევოლუციამდე იცნობდა. პუტინამდე მას წარმატებით იყენებდა სტალინი, შემდეგ – ხრუშოვი, ბრეჟნევი, ელცინი… 2008 წლიდან გამორჩეულად დაიწყო სამხედრო აღლუმების ჩატარება ვლადიმერ პუტინმაც. ჩეჩნეთში ორი ომის, საქართველოსთან ომის, ყირიმის ანექსიის, უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების მიტაცების შემდეგ პუტინისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების იმიჯი და რეპუტაცია ერთდროულად იზრდებოდა და ხავერდოვნად ავსებდა ერთმანეთს. პუტინისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების უძლეველობის იმიჯის მნიშვნელობას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო წლებში მისი რამდენიმე გადაწყვეტილებით მაქსიმალურად შეიზღუდა არმიაზე დემოკრატიული კონტროლი. ისედაც მცირერიცხოვან უფლებადამცველებს სულ უფრო მეტად უჭირთ შეიარაღებული ძალებიდან ინფორმაციის „გამოტანა“. ზოგიერთი მონაცემებით, არმიაში მშვიდობიანობის დროს დანაკარგები 1500-2500 ადამიანამდე მერყევობს და მსგავსი შემთხვევების დიდი წილი სუიციდებზე მოდის. მიუხედავად ამისა, მილიონობით დოლარი იხარჯება არმიის პოპულარიზაციაზე როგორც ქვეყნის შიგნით, რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. და წლების განმავლობაში ნაშენები ეს იმიჯი თუ რეპუტაცია უკრაინელებმა რამდენიმე დღეში ვლადიმერ პუტინს თავზე დაამხეს. ამდენი დამცირებული, დატყვევებული, მოკლული რუსი ჯარისკაცი მსოფლიოს ბოლო წლების არცერთ ომში არ უნახავს. არმიისა და პუტინის იმიჯურ გადაჯაჭვულობა-ურთიერთმიმართებას თუ გავითვალისწინებთ, ისმის კითხვა: სჭირდება ასე გაბახებულ არმიას სასწრაფოდ „რეაბილიტაცია პუტინისეულად“? პუტინის პოზიციიდან – ალბათ, კი.

პუტინის ახალი ომის აუცილებლობის სასარგებლოდ კიდევ რამდენიმე არგუმენტი შეიძლება, მოიძებნოს. მაგალითად, რუსი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული მათი ქვეყნის იმპერიული სტატუსის მიმართ – ქვეყნისა, რომლის საზღვრებიც, როგორც პუტინმა თქვა, «არსად მთავრდება». კიდევ ერთ არგუმენტად ომის სასარგებლოდ შესაძლებელია, იმ ქვეყნების სუსტი სამხედრო მზადყოფნა აღმოჩნდეს, სადაც პუტინი შესაძლოა, ომს აპირებდეს. ამ ჭრილში საყურადღებოა ფსიქოლოგიური მომენტი, რომელსაც „უკრაინის ფაქტორი“ შეიძლება, ეწოდოს. საქართველოში და სავარაუდოდ, მოლდოვაშიც ადამიანების დიდმა ნაწილმა ირწმუნა, რომ ამ ვითომ „უძლეველებთან“ ომი სრულიად შესაძლებელია. რაც უფრო დიდი ხნით გაიწელება ომი უკრაინაში, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ უკრაინელები რუსების ხოცვა-ჟლეტას, მით უფრო „გათამამდებიან“ რუსეთისგან დაჩაგრული ქვეყნების საზოგადოებები. პუტინისეული ლოგიკით, ალბათ, პასუხი «საჩქაროდ გასაცემია».

რომ შევაჯამოთ, კრემლის სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტის მახინჯი აზროვნება ალბათ, არ იტყვის უარს კიდევ ერთ ომზე (საქართველოსა ან/და მოლდოვაში) ზემოთ აღწერილი ორიდან ნებისმიერი ერთი სცენარის განვითარების შემთხვევაში. ერთადერთი, რაც მათ სურვილებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, არის დასავლური სანქციების შემჭიდროვებულ ვადებში კიდევ უფრო გამკაცრება, უკრაინელებისთვის მეტი ეფექტური იარაღის მიწოდება, ქვეყნის შიგნით საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა, პოტენციური სამიზნე ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა და ამ ქვეყნებში საზოგადოებების მედეგობის ხარისხის მაქსიმალურად გაძლიერება.

გიორგი მოლოდინი

“სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს” დამფუძნებელი

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img