19.04.2024
- Advertisement -spot_img

თალიბანის მოწინააღმდეგეები ბრძოლისთვის ემზადებიან

RADIOTAVISUPLEBA.GE

მეომრებმა, რომლებმა პირობა დადეს, რომ წინააღმდეგობას გაუწევენ ავღანეთში თალიბანის მმართველობას, ბრძოლისთვის ემზადებიან ქვეყნის ერთ-ერთ უკანასკნელ რეგიონში, რომელსაც თალიბანი ვერ აკონტროლებს. ჰინდუკუშის მთებში მდებარე ფანჯშირის ხეობა ცნობილია, როგორც წინააღმდეგობის ბასტიონი. აქ ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას სხვადასხვა ოკუპანტს. პროვინცია ძირითადად დასახლებულია ეთნიკური ტაჯიკებით. თალიბების უმრავლესობა პუშტუნია.

თალიბანის მოწინაღმდეგე მებრძოლებს შორის არიან ადგილობრივი გასამხედროებული დაჯგუფებებისა და ავღანეთის უშიშროების ძალების წევრები. ეს არის ნაწილი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტისა (NRF), რომელსაც ხელმძღვანელობს აჰმად მასუდი, ვაჟი ლეგენდარული საველე მეთაურის, შაჰ მასუდისა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციისა და თალიბანის წინააღმდეგ იბრძოდა 1980-90-იან წლებში.

თალიბანის მოწინააღმდეგე ძალების წვრთნა აბდულ ხილის რეგიონში, ფანჯშირის ხეობის დარის ოლქში, 24 აგვისტოს. მას შემდეგ, რაც აშშ-მა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს, რადიკალურად გამწვავდა თალიბანის იერიშები სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. 15 აგვისტოს თალიბანმა პრაქტიკულად უბრძოლველად დაიკავა დედაქალაქი ქაბული და თითქმის მთელს ავღანეთზე დაამყარა კონტროლი.

რთული რელიეფის მქონე ფანჯშირის ხეობა ცნობილია თავისი ბუნებრივი დამცავი ლანდშაფტით. 1980-90-იან წლებში მისი აღება ვერც საბჭოთა ჯარებმა შეძლეს და ვერც თალიბებმა.

აჰმად მასუდი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერია. მამამისი, აჰმად შაჰ მასუდი, ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის გმირი იყო საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაციის (1979-1989) დროს. 1990-იან წლებსა და 2000-იანების დამდეგს ის თალიბანის მმართველობის წინააღმდეგ იბრძოდა, სანამ „ალ-ყაიდის“ თვითმკვლელები ააფეთქებდნენ. აჰმად მასუდის ეს ფოტო 2019 წლის 5 სექტემბერსაა გადაღებული თავის სახლში, პროვინცია ფანჯშირის დედაქალაქ ბაზარაკში.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა, აჰმად მასუდმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა გამოაცხადეს, რომ არ აპირებენ დაუთმონ თალიბანს და წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნიან ფანჯშირში. ეს ერთ-ერთი უკანასკნელი რეგიონია, რომელსაც თალიბები არ აკონტროლებენ.

აჰმად მასუდმა უარყო თალიბების ულტიმატუმი, დაეთმო ფანჯშირი, მაგრამ განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისა და კომპრომისისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაპირისპირება. ის გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ეროვნული ერთიანობის ფართო მთავრობა თალიბანის წევრთა მონაწილეობით.

ფანჯშირის დამცველები სამხედრო წვრთნას გადიან გადამწყვეტი ბრძოლების მოლოდინში. ამასობაში თალიბანმა განაცხადა, რომ მისმა შენაერთებმა ალყაში მოაქციეს ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ძალები და შტურმისთვის ემზადებიან.

მაშინ, როცა ფანჯშირში ბრძოლისთვის მზადება მიმდინარეობს, ვრცელდება ცნობები, რომ თალიბანს გადაწყვეტილი აქვს შექმნას 12-წევრიანი მმართველი საბჭო და სურv, მასში შეიყვანოv აჰმად მასუდიც, რომელიც თალიბების მოწინააღმდეგე ძალებს უდგას სათავეში.

ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ძალებს 9 ათასამდე მეომარი ჰყავთ და რიცხოვნობით დაახლოებით ათჯერ ჩამოუვარდებიან თალიბანს. მაგრამ მათი მთავარი კოზირია ფანჯშირის ლანდშაფტი. ხეობა ბუნებრივ ბასტიონს წარმოადგენს და უკიდურესად ართულებს იქ გამაგრებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლას.

ფანჯშირი ჯერ კიდევ ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლამდე იყო წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი კერა. 1978 წლის ბოლოს მიწის რეფორმის და სეკულარიზაციის მცდელობებით გამოწვეული უკმაყოფილების შედეგად იქ აჯანყება დაიწყო ავღანეთის ხელისუფლებაში მოსკოვის დახმარებით მოსული მთავრობის წინააღმდეგ.

1979-1989 წწ ოკუპაციის პირველ წლებში საბჭოთა არმიამ ცხრაჯერ სცადა ფანჯშირის აღება, მაგრამ აჰმად შაჰ მასუდის ძალებმა ცხრაჯერვე დაამარცხეს ის. ფანჯშირი ვერც თალიბებმა აიღეს, როცა ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ 90-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში.

მიუხედავად იმისა, რომ ფანჯშირის დამცველებიც და თალიბებიც აცხადებენ, რომ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან, ჯერჯერობით თალიბანის რეჟიმისთვის ფანჯშირი პრიორიტეტული არ არის და მოსალოდნელია, რომ ისლამისტები საწყის ეტაპზე დანარჩენ ავღანეთში თავიანთი რეჟიმის გამყარებით იქნებიან დაკავებული.

ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი აცხადებს, რომ მისი უმთავრესი მიზანია ფანჯშირის მოსახლეობის დაცვა. ბევრი მიმომხილველის აზრით, მასუდს პრაქტიკულად არა აქვს თალიბების დამარცხების შანსი, მაგრამ მისი შენაერთები მაინც წარმოადგენს იმედის ნაპერწკალს ათასობით ავღანელისთვის, რომელსაც თავზარი დასცა თალიბანის რეჟიმის დაბრუნებამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img