ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტროსთვის ძალიან საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავ ორგანოებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ჩვენი კოლეგა ექთნის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც არ ასახავდა იმ სურათს, რომელიც კლინიკაში იყო. ცრუ ჩვენება, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. თავის მხრივ, რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები და ამის მიხედვით, ექსპერტების მოკვლევით, ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საექიმო შეცდომა მოხდა თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, გავაგრძელოთ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მუშაობა“, – განაცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებთან.