თბილისის საქალაქო სასამართლომ კულტურის სამინისტროს მიერ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. ინფორმაციას მოსარჩელის უფლებადამცველი ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომელიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ გაათავისუფლეს.
გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.
“სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია რომ პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციისას, თანამშრომელთა ობიექტურ და სამართლიან შერჩევა-შეფასებას დაადასტურებდა”. – წერს SJC.
მოსარჩელე 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში, ხოლო 2017 წლიდან თბილისის კოლექციებისა და ეროვნული საგანძურის მართვის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა.
“მასობრივი გათავისუფლებებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება პირველ პრეცედენტს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის, რომელთაც უახლოეს თვეებში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო”. – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი დაწესებულების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.