29.03.2024
- Advertisement -spot_img

გურამ მეგრელიშვილი-თუ ვინმე მკითხავდა, რატომ იცრები მაშინ, დაელოდე სიკვდილს და შეხვდი შენს ღმერთსო, ვუპასუხებდი ასე

თანამონაწილეობას არ ვისურვებდი სხვისი სიკვდილის საქმეში,

დღეს კი ამ საზიზღარ ვირუსთან თამაში ამის ტოლფასია.

მწერალი და პუბლიცისტი გურამ მეგრელიშვილი ვაქცინაციის თემაზე წერს ფეისბუქის გვერდზე. ეს აცრის პროპაგანდა არაა- ამბობს მწერალი და ამატებს რომ ამ საკითხზე საკუთარ რეფლექსებზე საუბრობს. “ყველას თავისი სიმართლე აქვს და ვერ ვიტყვი, რომ ის სხვა ტყუის.” გურამ მეგრელიშვილის საინტერესო პოსტს შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ.

“ყველაფრისადმი იჭვნეული დამოკიდებულების მიუხედავად (ბრმად ვერაფერს ვიღებ), მიმაჩნია, რომ მაინც თავისებურად მორწმუნე ადამიანი ვარ, ამაზე ადრეც მითქვამს და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი დადებითი ნაწილია და არა უარყოფითი.

ღმერთი, რომელიც ჩემს წარმოდგენაშია, სავარაუდოდ, ნაწილობრივ ემთხვევა ბევრის წარმოდგენაში შექმნილ ხატ-სახეს, რომელიც, მეტწილად გარედან შემოსული სახებაა და სიცოცხლის რომელიღაც მონაკვეთში ხდება ისეთი, როგორიც ინდივიდუალურად ჩვენია და ვერასოდეს გაიგებს სხვა, რას ვგულისხმობთ და ვის მოვიაზრებთ სიტყვაში “უფალი”. (ყველაფერი აღზრდიდან მოდის, ადამიანის სამყაროსეული პერცეფცია ალბათ ბავშვობიდან იღებს სათავეს. მე მჯერა იმის, რომ ჩვენი მამების ხატი ხშირად განსაზღვრავს კიდეც იმ ღმერთის ხატს, რომლისაც გვჯერა).

მაგრამ, ამ განსხვავებულობის მიუხედავად, ქრისტიანს, მუსლიმს, იუდეველს და სხვას ალბათ ღმერთის ისეთი ხატება ჰყავს თვალწინ, რომელიც თავისი არსით არის ძლიერი, ყველაზე ძლიერი და მასზე ზემოქმედება სხვა არც ერთ ძალას არ შეუძლია. დუალისტური რელიგიური წარმოდგენის დროსაც კი, ადამიანს სჯერა, რომ მხარე, რომელსაც ის წარმოადგენს, გამარჯვებულია.

ამ ლოგიკის მიხედვით, მხარეს, რომლისკენაც პირობითად მე და ქრისტე ვდგავართ, გარე ზემოქმედება მნიშვნელოვან ზიანს ვერასოდეს მიაყენებს. შეიძლება ცდა არ დააკლოს, მაგრამ გამარჯვება საბოლოოდ აქეთაა, რადგან, თავდაპირველი პირობითობით, სწორედ ღმერთია ის, ვინც თვითონ ცვლის და ქმნის რეალობას.

თუ ამ მსჯელობას გავყვებით, ვერანაირი აცრა, ჩიპი, ზომბების აპოკალიფსი, უცხოპლანეტელების მასობრივი გადმოფსმა დედამიწაზე ვერ აჯობებს იმ განკაცებულ ღმერთს, რომელსაც იდიომატურად თუ ვიტყვი, მხარს ვუჭერ და ვისი მიმდევარიც ვარ, რადგან ქრისტიანობა ამბობს, რომ ის არათუ დაავადებებზე, სიკვდილზე ძლიერიცაა.

თუ ვინმე მკითხავდა, რატომ იცრები მაშინ, დაელოდე სიკვდილს და შეხვდი შენს ღმერთსო, ვუპასუხებდი ასე: არც მე ვარ მზად ღმერთთან შესახვედრად და არც სხვისი მზაობის შესახებ ვიცი. მოვლენის დაჩქარება კი ჩემი კომპეტენცია არაა. ყველანი მოვკვდებით, ეს არაა მთავარი სადარდებელი და ვერასოდეს გავიგებთ როდის მოვკვდებით, მაგრამ თანამონაწილეობას არ ვისურვებდი სხვისი სიკვდილის საქმეში, დღეს კი ამ საზიზღარ ვირუსთან თამაში ამის ტოლფასია.

თუ რომელიმე აცრა, ჩიპი, მარსიანული დაზვერვა და სხვა ტექნოლოგიები იმ ღმერთზე ძლიერია, რომელიც დროზე და სამყაროზე დიდი ხნისაა, მაშინ აზრს კარგავს ღმერთის იდეის არსებობაც.

ერთადერთი, რისიც ქრისტიან ადამიანს შეიძლება ამ წმინდა მამათა გადმოცემების და ინტერპრეტაციების შედეგად ეშინოდეს, იმ დღის დადგომაა, როდესაც ნებაყოფლობით იტყვის უარს საკუთარ პიროვნულ ქრისტეზე. (აქ მახსენდება სკორსეზეს Silence-ის ბოლო სცენა, როცა სიტყვა უარყოფს, მაგრამ გული სავსე რჩება ღმერთით)

რომც მოგვატყუონ, ამაში დიდი ტრაგედია არაა, ამ დროს პასუხისმგებლობა ჩვენზე არაა, რადგან ადამიანის მოტყუება ადვილადაა შესაძლებელი. განკითხვის დღეს, თავს ვიმართლებთ, რომ ამ ნაწილში ჩვენი გული იყო მართალი.

როდესაც აცრა გადავწყვიტე, ანტისხეულები კიდევ მქონდა, მაგრამ გამახსენდა ჩემი ერთი მოსწავლე, რომელსაც ტიპი 1 დიაბეტი აქვს. გაკვეთილიდან გადის ხოლმე, რომ ნემსი გაიკეთოს. უსაყვარლესი ადამიანია და მთელი ამ პანდემიის განმავლობაში მისი დანახვა ცოტას მაღელვებდა. მშვიდად იჯდა ხოლმე და რაღაცნაირი მონდობითა და სიყვარულით მისმენდა, როდესაც ველაპარაკებოდი. დედამისმა მითხრა, რომ არაფრის დიდებით რჩება სახლში და არ აცდენს გაკვეთილს, რადგან მოსწონს ჩვენი შეხვედრები.

ჰოდა, როდესაც აცრა გადავწყვიტე, ცხადია, პირველ რიგში საკუთარ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ვიფიქრე, რადგან ეს ერთადერთია, რაც ღმერთმა მიბოძა და პასუხისმგებლობაც მაკისრია ამ სხეულზე, როგორც ნივთზე და სულზეც, რომელსაც მოგზაურობა ჯერ არ დაუსრულებია, მაგრამ მეორე რიგში სწორედ ის ჩემი დიაბეტიანი მოსწავლე გამახსენდა. არ მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც მას ამ გაუგებრობაში კი არ დაიცავდა, პირიქით, ვირუსს მიუტანდა.

მესამეც, წარმოვიდგინე ასეთი რამე: რანაირი ქრისტიანი გამოვდივარ, თუკი უნდა დაველოდო სხვაზე როგორ იმოქმედებს წამალი და მე მერე მივიდე და ავიცრა. თუ ეს პრეპარატი ადამიანის დამაზიანებელია, განა სხვაზე გამოცდა და ამის მერე გამოყენება შეიძლება კეთილგონიერებად ითვლებოდეს? მაშინ საერთოდ უარს უნდა ვამბობდე ამ სიკეთეზე, რადგან არასწორი იქნებოდა.

სხვა დანარჩენი გარდაუვალია, ყველას გვესტუმრება აღსასრული, მაგრამ მდინარის ჩამოტარებულ ნიჩაბზე უარს არ ვიტყვი, სანამ დავინახავ.

ეს აცრის პროპაგანდა არაა, ესაა ჩემი რეფლექსია ამ საკითხზე. ყველას თავისი სიმართლე აქვს და ვერ ვიტყვი, რომ ის სხვა ტყუის.”

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img