სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის მე-3 ფაზის შუალედური შედეგებით, ჩინური Sinovac Biotech-ის ვაქცინა CoronaVac-მა სიმპტომური Covid-19-სგან 83.5%-იანი დაცვა აჩვენა.
კვლევა თურქეთში 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის იანვრამდე ჩატარდა და მასში 18-59 წლის 10 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა.
თურქეთის კლინიკური კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა ჩილეში რეალურ პირობებში Sinovac Biotech-ის ვაქცინის ეფექტიანობის შედეგები. კვლევის მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 65.9%-ით, ჰოსპიტალიზაციის პრევენცია 87.5%-ით, რეანიმაციის პრევენცია 90.3%-ით, ხოლო სიკვდილისგან დაცვა 86.3%-ით განისაზღვრა.
ორ ქვეყანაში, განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევებით, მეცნიერები ასკვნიან, რომ CoronaVac-ი Covid-19-ისგან მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს.
Sinovac Biotech-ის ვაქცინას “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” (WHO) გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია 1 ივნისს მიანიჭა. 28 აპრილის მონაცემებით, ვაქცინა დამტკიცებულია მსოფლიოს 22 ქვეყანაში. მის დამტკიცებას ამჟამად “ევროპის წამლის სააგენტო” (EMA) განიხილავს.