13.10.2024
- Advertisement -spot_img

TI – გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება

საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული.

კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს.

კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში საქართველოში 6,400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა;
  • მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;
  • 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-ივნისში კი ექსპორტი 16%-ით არის შემცირებული, რაც ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის კლებამ განაპირობა;
  • ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო;
  • 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია;
  • ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა – 280%-ით (118 მლნ აშშ დოლარით). ელექტროენერგიის იმპორტი 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • იმპორტის ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3.5% უჭირავს. 8%-მდეა რუსეთის წილი ბუნებრივი აირის შიდა მოხმარებაშიც;
  • კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 95% იყო;
  • 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლების მაჩვენებელს ჩამორჩებოდა;
  • 2022 წლის აპრილ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 6.5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს;
  • 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა;
  • მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. მიუხედავად იმისა, საქართველო იქნება თუ არა გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად სანქცირებული კონკრეტული პიროვნების ან კომპანიის მიერ, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიმართავს მთავრობას რეკომენდაციით:

  • რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად უფრო აქტიურად და დაჩქარებულად დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;
  • საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი არ უჭირავს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდეს.
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img