წარმოებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო, AstraZeneca წლის პირველ კვარტალში, ევროკავშირს კოვიდ 19-ის ვაქცინის 31 მილიონ დოზას მიაწვდის, რაც დაგეგმილზე 60%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყანა კომპანიისგან მარტის ბოლომდე ვაქცინის 80 მილიონ დოზას ელოდა. Reuters-ის წყაროს ცნობით, AstraZeneca- მ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ მიწოდების შემცირება ბელგიაში ვაქცინების ქარხანაში წარმოებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებითაა გამოწვეული.
AstraZeneca-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში დადასტურებულია, რომ მიწოდებული ვაქცინების რაოდენობა ნაკლები იქნება, თუმცა კომპანია რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.
„წარმოების ადგილზე პროდუქციის შემცირების გამო თავდაპირველად მიწოდებული რაოდენობა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე თავიდან იყო მოსალოდნელი”, – აღნიშნულია AstraZeneca- ს განცხადებაში.
ინფორმაციას ევროკავშირის ჯანმრთელობის დაცვის კომისარი სტელა კირიაკიდესი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულის გამო ევროკავშირის მთავრობებმა დიდი უკმაყოფილება გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ 29 იანვარს ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ AstraZeneca- ს ვაქცინის დამტკიცებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ევროკავშირსა და AstraZeneca– ს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბლოკმა კომპანიისგან ვაქცინის მინიმუმ 300 მილიონი დოზა უნდა შეიძინოს.
წყარო: ipn.ge