უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუს სამხედროებს სამი დღის სამყოფი საკვები და საბრძოლო მასალა დარჩათ. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.
გენშტაბის ცნობით, ანალოგიური მდგომარეობაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსება ავზების ტრანსპორტირებით ხორციელდება. შტაბმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მტრის ავიაციის გააქტიურება შეინიშნება.
„წინა დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის 9-ზე მეტ საჰაერო სამიზნეს მოხვდა. ეს არის 1 თვითმფრინავი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ვერტმფრენი, ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობა ზუსტდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ავიაციის უფრო აქტიური მოქმედებები აღინიშნა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შტაბის მონაცემებით, რუსები აგრძელებენ ბელარუსების დარწმუნებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთონ. გარდა ამისა, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 300-მდე რუსმა სამხედრომ უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე და ტერიტორია დატოვა.
„რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ბელარუსებთან აგრესიულ პროპაგანდისტულ მუშაობას, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დამპყრობლების მხარეზე მიიღონ მონაწილეობა. სუმის რაიონში რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაუმორჩილებლობის ფაქტები დაფიქსირდა. 300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა საომარი მოქმედებების ბრძანების შესრულებაზე და 70 ტექნიკით დატოვა ოპერაციის ტერიტორია“, – წერია განცხადებაში.
შტაბის ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს წინსვლას, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევს.