ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპა დაინტერესებულია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში და ალტერნატიულ ენერგომატარებლებს აქტიურად ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპა რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების ნაწილობრივ შეწყვეტას მომზადებული შეხვდება, რადგან ევროკავშირი უკრაინის გარშემო სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია და გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიებით არის დაინტერესებული.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ მოლაპარაკება აშშ-თან, ყატართან, ეგვიპტესთან, აზერბაიჯანთან, ნიგერიასთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან მიმდინარეობს.
„ამჟამად შესაძლებელია იმაზე საუბარი, რომ ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში ჩვენ მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ ვიქნებით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
რუსეთი ამჟამად ევროპას მოხმარებული ბუნებრივი გაზის 40%-ს აწვდის. გასული წლის ბოლოს ბუნებრივ აირზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგანაც პანდემიის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ ევროპაში გაზის მოხმარებამ მიწოდებას მნიშვნელოვნად გაასწრო.