“რიონის ხეობის მცველი” ვარლამ გოლეთიანი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის განცხადებას ეხმიანება, ნამახვანჰესის პროექტის არსებული პირობებით არგაგრძელებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ 100 წლის 49 წლით გადაკეთება პრობლემას ვერ მოაგვარებს და ამით “არ უნდა მოტყუვდნენ”.
გოლეთიანის განცხადებით, სასურველი იყო, ჯერ მათ შეხვედროდა ხელისუფლება და შემდეგ ინვესტორს. მისი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან სიტუაციიდან გამოძრომის ნიშნები იკვეთება.
“მნიშვნელოვანია აქ, რომ პრობლემა დაერქვა საკითხს და მემკვიდრეობით ერგო [პრემიერს]. ვინ წარმოაჩინა ეს პრობლემები, საინტერესოა. საკუთარ თავსაც ჰკითხონ ამ ადამიანებმა, ფაქტია, ჩვენ მხარედ არ გვთვლიან.
სასურველი იყო, ჯერ ჩვენ შეგვხვედროდა, პრობლემების სრულ სპექტრს ვეტყოდით, ამის შემდეგ ემსჯელათ ინვესტორებთან. სიტუაციიდან გამოძრომის ნიშნები იკვეთება რადგან ჩვენ არ გველაპარაკებიან.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ 100 გადაკეთდება 49-ად და ეს იქნება ამ პრობლემის მოგვარება, წინასწარ შემიძლია ვთქვა რომ ეს არ იქნება პრობლემის გადაწყვეტა. ეს საერთოდ არაფერს არ ცვლის. ზუსტად იგივე მოხდება ხეობაში, რაც გადაკეთების გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებაზეა საუბარი.
პირველ რიგში, რაც იკვეთება ამ პატარა გამოსვლიდან, არის ის, რომ გუნდს არ აქვს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. თუ პრემიერისთვის კრიტიკულად შეუსაბამოა ის პირობები, რითაც გაფორმდა ეს ხელშეკრულება, რომ ვერ გაგრძელდება პროექტი ამ პირობებით, ფაქტია, რომ ამას ასე არ ფიქრობს ეკონომიკის მინისტრი, სხვადასხვა სახელისუფლებო წრეების ესა თუ ის წარმომადგენელი”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდება და ამ საკითხზე ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.