დღეს ლექსო ლაშქარავა არის ამ ქვეყნის თავისუფლების სიმბოლო, დღეს დედას გაუთენდა დღე, მისი შვილი არის გარდაცვლილი იმიტომ, რომ ახალგაზრდა ბიჭი გადაეფარა 20 წლის გოგოს, რომ არ ჩაექოლათ და არ მოეკლათ, სამწუხაროდ, თვითონ ჩაქოლეს და მოკლეს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა.
მან მოქალაქეებს და განსაკუთრებით მშობლებს, მოუწოდა გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე და გააპროტესტონ უსამართლობა.
„სამწუხაროდ, ჩვენ აღარც ტერიტორიები დაგვრჩა, არაფერი აღარ დაგვრჩა, გარდა სოლიდარობისა ერთმანეთის მიმართ. გამოდით მშობლებო, მე აქ ვდგავარ როგორც ერთი მშობელი, რომ დავიცვა ჩემი შვილების ჯანმრთელობა, სიცოცხლე. მე სამწუხაროდ, ვერ დავიცავი ჩემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე, ბოდიშს ვუხდი მის ოჯახს. მე ჩემს თავს ვთვლი დამნაშავედ, რადგან ამ სახელმწიფოს იმედი მე არ მაქვს. ბოდიშს ვუხდი მის მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას, რადგან ვერ დავიცავი ჩემი თანამშრომლის სიცოცხლე. მშობლებო გამოდით, დამიდექით გვერდზე, თქვენს შვილებს დაუდექით გვერდზე, გამოდით და ერთად გავაპროტესტოთ, ის უსამართლობა, იმ ჩაქოლილი ბიჭის ტრაგედია, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩაქოლა“,- განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.