ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი მიმართვა გაავრცელა. მან უკრაინელებს კვლავ სიფრთხილისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინის ბედი დამოკიდებულია უკრაინულ არმიაზე და ხალხზე, უკრაინელების სიბრძნეზე და უკრაინის ყველა მეგობრის დიდ მხარდაჭერაზე.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მტერმა ნომერ პირველ სამიზნედ ის აირჩია, ხოლო ნომერ მეორე სამიზნედ მისი ოჯახი, მიუხედავად ამისა ის და მისი ოჯახი უკრაინაში რჩებიან.
“კიევში რუსი დივერსანტები შემოვიდნენ, რის გამოც კიეველებს ვთხოვ სიფრთხილე გამოიჩინონ და დაიცვან კომენდანტის საათის წესები.”
“რუსეთის შემოჭრის შედეგად დაიღუპა 137 (სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე) და დაშავდა 316 უკრაინელი.”
“დღეს 27 ევროპელ ლიდერს ვკითხე, შევა თუ არა უკრაინა ნატოში, პირდაპირ ვკითხე. ყველას ეშინია, არ მპასუხობენ, თუმცა ჩვენ არაფრის არ გვეშინია.”
“ჩვენ მარტო დავრჩით. არავის სურს ჩვენთვის ბრძოლა. მათ არ სურთ ჩვენი ნატოში მიღება, რადგან უსაფრთხოების გარანტიების ეშინიათ.”
“ახლა ქვეყნის ბედი დამოკიდებულია ჩვენს არმიაზე და ხალხზე, თქვენს სიბრძნეზე და უკრაინის ყველა მეგობრის დიდ მხარდაჭერაზე.”
“მე ჩემს ხალხთან ერთად დედაქალაქში ვრჩები. ჩემი ოჯახიც უკრაინაშია. გვაქვს ინფორმაცია, რომ მტერმა ნომერ პირველ სამიზნედ მე ამირჩია, ნომერ მეორე სამიზნედ კი ჩემი ოჯახი.”