28.09.2021
- Advertisement -spot_img

ზურაბ ბატიაშვილი – პოპულარული მოსაზრებაა, ყველა შეეშვას ავღანეთს და რაც უნდათ, ის უქნიათ – შენ კი შეიძლება შეეშვა, მაგრამ ის არ შეგეშვება

IPN

ამ მომენტისთვის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევძლოთ ავღანეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა, – ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისი შეფასებით, ასევე მთავარ თემად რჩება, რამდენად შეძლებენ ამერიკული, ბრიტანული და კანადური დიპლომატიური კორპუსის ქვეყნიდან გაყვანას, რისთვისაც ქაბულში დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი გაგზავნეს.

„თალიბანმა“ სრულიად ჩაიგდო ხელთ ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. მათ ავღანეთის მთავრობისა და ყველა ადგილობრივი მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლეს. ავღანეთის პრეზიდენტი ფაქტობრივად გაიქცა დედაქალაქ ქაბულიდან, გარბის მოსახლეობაც. ასეულ ათასობით ავღანელი, რომლებსაც არ სურთ „თალიბანის“ მკაცრი შარიათის კანონების ქვეშ ცხოვრება, ტოვებს საცხოვრებელს და ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს.

ახლა ადგილზე მთავარ თემად რჩება, რამდენად შეძლებენ ამერიკული, ბრიტანული და კანადური დიპლომატიური კორპუსის ქვეყნიდან გაყვანას, რისთვისაც დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი იქნა გაგზავნილი ქაბულში.

ამ მომენტისთვის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევძლოთ ავღანეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. მათთან მაქვს კონტაქტი და ყველანი ცოცხლები არიან. სხვა დეტალებზე მათივე უსაფრთხოების გამო საჯაროდ ვერ ვისაუბრებ“,-აცხადებს ბატიაშვილი.

როგორც მან განმარტა, ავღანეთის ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.

„მათ საკმაოდ რადიკალური განწყობები და იდეოლოგია აქვთ და ეს არაერთ საფრთხესა და გამოწვევას შეიცავს არამხოლოდ ავღანეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც. პოპულარული მოსაზრებაა, რომ ყველა შეეშვას ავღანეთს და რაც უნდათ, ის უქნიათ. შენ კი შეიძლება შეეშვა, მაგრამ ის არ შეგეშვება ისეთი დიდი პრობლემებით, რომლებიც აუცილებლად მოყვება „თალიბანის“ მკაცრი წესებით მართვას:

ასეულ ათასობით ახალი ლტოლვილი, რომლებიც აუცილებლად დაიძვრება სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის, ევროპისკენაც). აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ავღანეთის მოსახლეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 40 მილიონი გახდა;

ავღანური ნარკოტიკების, როგორც „თალიბანის“ შემოსავლის ძირითადი წყაროს, გადინების გაზრდა რეგიონის ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოს მიმართულებითაც); რადიკალური იდეოლოგიისა და დაჯგუფებების გაძლიერება ავღანეთსა და მომიჯნავე ქვეყნებში“,-აცხადებს ბატაიშვილი.

მისი შეფასებით, ამ მომენტისთვის „თალიბანი“ ცდილობს, საკუთარი თავის ერთგვარ რებრენდირებას და იმის ჩვენება სურს, რომ მან გარკვეული საკითხების მიმართ მიდგომა შეიცვალა, თუმცა რეალურად, სიტუაცია სხვაგვარია.

„თუ „თალიბანი“ წინა მმართველობის დროს გოგონებს საერთოდ უკრძალავდა სკოლაში სიარულს, ახლა აცხადებს, რომ ნებას დართავს მათ მეექვსე კლასამდე მიიღონ განათლება. მაგრამ, რა იქნება ექვსი კლასის შემდეგ? არაფერი.

უცვლელად დარჩება სხვა კანონებიც. მაგალითად, ქალებს ეკრძალებათ ახლო ნათესავის (ძმა, მამა და მეუღლე) გარეშე ქუჩაში დამოუკიდებლად გამოსვლა. ისინი ასევე იძულებული იქნებიან ატარონ ე.წ. „ბურკა“ და ა.შ.

მეზობლებისთვისაც საკმაოდ ძნელი იქნება ახალ სიტუაციასთან შეგუება. მაგალითად, იგივე ირანიც, მართალია, ოფიციალურად ისლამური რესპუბლიკაა, მაგრამ მასაც აქვს ეჭვები, ხომ არ დაჩაგრავს „თალიბანი“ ავღანეთის შიიტურ უმცირესობას ისევე, როგორც ეს იყო მისი პირველი მმართველობის დროს“, – აცხადებს ბატიაშვილი.

მისი თქმით, „ამერიკელები არ მოელოდნენ, რომ ასე მალე, დღეების განმავლობაში ჩამოიშლეობდა 300 000-იანი ავღანური არმია, რომლის აღმშენებლობის საქმეში ათეულობით მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა ვაშინგტონმა“.

ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ავღანეთის მაგალითი სერიოზულად უნდა მიიღოს საქართველომ და ჩვენი ქვეყნის მსგავსმა ქვეყნებმა.

რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას, ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ „რუსეთი, როგორც ყოველთვის, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას შეეცდება“.

„მოსკოვი ცდილობს, „თალიბანი“ მოიმადლიეროს და არც საელჩოს ევაკუაციას აპირებენ ქაბულიდან. ეს კი აჩენს ეჭვებს, რომ იგი შესაძლოა, ემზადებოდეს „თალიბანის“ ხელისუფლების ცნობისთვის, ანუ მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისთვის. თუმცა, ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა ასეთი მიდგომების მცდარობა. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს უარყოფითად შემოუბრუნდება. ძნელი წარმოსადგენია, რომ „თალიბანი“ მხოლოდ ავღანეთში ჩაეტიოს და სხვადასხვა გზებით, ფიზიკურად, იდეოლოგიურად და ა.შ. არ ეცადოს შუა აზიის რესპუბლიკებში გადასვლას, როგორც ეს იყო „თალიბანის“ წინა მმართველობის დროს და რამაც სამოქალაქო ომი და არასტაბილურობა გამოიწვია ტაჯიკეთში. ეს კი რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხეა. ასე რომ, რუსეთს ჯერ კიდევ წინ აქვს მოულოდნელი სიურპრიზები „თალიბანის“ მხრიდან, რომლებსაც არაერთხელ ვნახავთ“,-აცხადებს ბატიაშვილი.

ინტერვიუ სრულად

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img