ჩვენ ვებრძვით მართლა მონსტრს, რომელიც ყველა შესაძლო ძალებით გვიპირისპირდება, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში კოალიციური მმართველობა უნდა შეიქმნას და ქვეყნის შემოტრიალება დაიწყოს.
„ბევრგან გვაქვს შანსი, რომ დავიწყოთ ამ ქვეყნის მოტრიალება და ნელ-ნელა ჭაობიდან ამოყვანა. ამიტომ, ამ არჩევნებს ბევრად უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ ადგილობრივ არჩევნებს. ჩვენ ვებრძვით მართლა მონსტრს, რომელიც ყველა შესაძლო ძალებით გვიპირისპირდება. ცხადია, ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან კარგი შანსი, მათ შორის ქუთაისში, რომ ეს მონსტრი დავამარცხოთ და ქვეყნის შემოტრიალება დავიწყოთ, ეს არის პირველი, რის გამოც მე აქ ვარ. მჯერა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მარლა გადის კოალიციურ მმართველობაზე. ჩვენ ბევრჯერ ვიტრიალეთ ერთი და იგივე წრეზე და ერთპარტიულმა მმართველობამ ამ ქვეყანას ბევრი პრობლემა შეუქმნა. ამ წრეზე აღარ უნდა წავიდეთ, ეს ჩვენ ყველას გააზრებული გვაქვს. მეორე მიზეზი, რის გამოც აქ ვდგავარ, მიუხედავად ჩვენს შორის განსხვავებისა, ჩვენ გადავაბიჯეთ რაღაცებს და შევქმენით კოალიცია, გვჯერა, რომ საბოლოოდ, ეს ქვეყანა წავა კოალიციური მმართველობის გზით. მესამე მიზეზი არის ის, რომ მართლა გულწრფელად მჯერა თვითმმართველობის. მჯერა, რომ საბოლოოდ ძალაუფლება განაწილებული უნდა იყოს არა მარტო შტოებს შორის, არამედ ვერტიკალურად და მჯერა, რეალური თვითმმართველობები ყველგან გვჭირდება, მათ შორის ქუთაისში. ჩვენ ამ წუთში, ამ ქვეყანაში თვითმმართველობა არ გვაქვს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.