პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სახის განცხადებას არ გავაკეთებდი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24-თან.
წამყვანის კითხვაზე – „თქვენმა ქვეყნის პრემიერ – მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რატომ?“ – ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მან არ იცის, თუ რატომ გააკეთა მსგავსი განცხადება ღარიბაშვილმა.
“პირველ რიგში, არ ვიცი თუ რატომ გააკეთა მან ეს განცხადება. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ დგას, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა უკვე დასანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ, რა ტიპის სანქციების დაწესება შეგვეძლება, ისეთი სანქციების, რომლებსაც მნიშვნელობა ექნება ამ ეტაპზე. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთი სახის განცხადებას დღეს რაიმე აზრი აქვს – პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სახის განცხადებას არ გავაკეთებდი. ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანია და რასაც ყველა ელის საქართველოსგან ეს ღია სოლიდარობაა, ამიტომ ვარ აქ, ამას ვუდასტურებ პრეზიდენტ ზელენსკის, ამას ადასტურებს ქართველი მოსახლეობა. ეს არის მესიჯი, რომლის აქ მოტანაც მინდა – ჩვენ უკრაინას აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებთ,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.