ხვალიდან ქართული არხები, შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. ამის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საკაბელო ტელევიზიების კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების – „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით. კერძოდ, დასახელებული ტელეარხების მოთხოვნაა 1-ლი აგვისტოდან ტრანზიტორი კომპანიების ქსელში გაითიშოს ეს ტელეარხები ან გაფორმდეს ხელშეკრულება და კომპანიებმა თითოეულ აბონენტზე გადაუხადოს მათ 3 ლარი დღგ-ს გარეშე.
„პაკეტში შედის ის წამყვანი ეროვნული მაუწყებლები, რომლებიც გამოირჩევიან არამარტო განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებით, არამედ წარმოადგენენ ერთმანეთთან სრულიად დაპირისპირებულ მხარეებს, რომლებიც მაყურებელს სთავაზობენ აბსოლუტურად განსხვავებულ პროგრამებს და პოლიტიკურ ანალიზს.
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები გამოთქვამენ შეშფოთებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
- დასახელებული ეროვნული მაუწყებლები ექცევიან სავალდებულო ტრანზიტის (Must Carry) მოთხოვნის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით „მაუწყებლობის შესახებ“ და რაც გულისხმობს მაუწყებლების სავალდებულო ჩართვას ყველა ტრანზიტორი კომპანიის ქსელში.
- მაუწყებლები ვრცელდებიან ღია ეთერში, რაც უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე. იმისთვის, რომ მოსახლეობამ უყუროს ამ ტელეარხებს შეუფერხებლად, ეს მაუწყებლები თავად უხდიან გამავრცელებელს (მულტიფლექს ოპერატორი) საკმაოდ სოლიდურ თანხებს, ასევე უზრუნველყოფენ შეუფერხებელ მაუწყებლობას თანამგზავრული სისტემებით. მხოლოდ კაბელით გავრცელება არის ფასიანი. შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის მოთხოვნის წაყენება, რომ მათ ქსელში გავრცელება იყოს ფასიანი და მომხმარებელმა ამ არხების ყურებაში გადაიხადოს დამატებითი თანხა, არის დისკრიმინაციული მოთხოვნა, რაც ზღუდავს ქვეყანაში განსხვავებული ინფორმაციის მიღების თავისუფლებას და ეწინააღმდეგება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს.
- მაუწყებლების და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნა ემთხვევა ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გამოიწვევს ხარჯების არამართლზომიერ ზრდას და აუცილებელი გახდება ფასების მნიშვნელოვნად გაზრდა, რაც გამოიწვევს მომხმარებელთა საყოველთაო უკმაყოფილებას და აგრესიას. შესაბამისად, ტრანზიტორი კომპანიების მიერ მოხდება გათიშვა ამ არხებისა, რაც გამოიწვევს დიდ საერთაშორისო რეზონანსს, რაც ჩრდილს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს, მედია პლურალიზმს, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და სიტყვის თავისუფლების გარანტირებულ უფლებას, გახდება არაერთი სპეკულაციის საბაბი, რაც საბოლოოდ მაინც დააზარალებს მოსახლეობას და ქვეყანას. შესაბამისად, არ გვსურს სატელეკომუნიკაციო ოპერატორები ჩართულნი იყვნენ ისეთ პროცესებში, რაც დამაზიანებელია სახელმწიფო ინტერესებისთვის და რაც შეიძლება შედიოდეს კიდეც გარკვეული ძალების მიზნებში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტრანზიტორი კომპანიებისთვის ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნა არის დისკრიმინაციული, არღვევს მომხმარებელთა უფლებას, მიიღონ განსხვავებული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რა საშუალებით მიეწოდებათ მათ სიგნალი (ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი).
ვფიქრობთ, ეროვნული მაუწყებლების ქსელიდან გათიშვა გახდება აუცილებელი, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აღნიშნულს კანონის საფუძველზე უზრუნველყოფს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც, კომპანიების მონიტორინგითა და მათთვის სანქციების დაწესებით, რაც დიდი ალბათობით გარდაუვალი იქნება თავად მაუწყებლებისა და „მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნის საფუძველზე. ეს კი შექმნის ქვეყანაში კიდევ უფრო დაძაბულ ვითარებას.
შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ავტორიზებული პირების ქსელში არ გაითიშოს არც ერთი ეროვნული მაუწყებელი. ამისათვის, კი ყველა სათანადო უწყებამ უნდა მიიღოს გადამწყვეტი და სასწრაფო ზომები საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე.
მიგვაჩნია, რომ უნდა მოწესრიგდეს სავალდებულო და ფასიანი ტრანზიტის საკითხები ერთმნიშვნელოვნად და საბოლოოდ, ისე, რომ მუდმივად არ ხდებოდეს მაუწყებელთა მხრიდან მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომები და სავალდებულო ტრანზიტის (Must Carry) თემა მოწესრიგდეს იმგვარად, რომ გამოხატავდეს მის ნამდვილ არსს და არ რჩებოდეს მხოლოდ ქაღალდზე, საკუთარი თავის მოსატყუებლად, რომ ქვეყანაში მოქმედებს Must Carry. ქვეყანაში მოქმედებს Must Carry მახინჯი ფორმით, რაც გულისხმობს, რომ მაუწყებლები ავალდებულებენ კომპანიებს მათი არხები სავალდებულო წესით ჩასვან ქსელში, მეორეს მხრივ კი შეუძლიათ მათი სიგნალის გავრცელება გახადონ ფასიანი, რაც იწვევს სავალდებულო წესით მომსახურების გაძვირებას ან მათი ქსელიდან გათიშვას, რასაც არასდროს მოყოლია კარგი შედეგები არც მედიისა და არც ქვეყნის ინტერესებისთვის.
იმედს გამოვთქვამთ, საკითხს მიექცევა სათანადო ყურადღება და მისი გადაწყვეტა არ დააზარალებს როგორც ბიზნესს, ისე მოსახლეობას,“-აღნიშნულია განცხადებაში.