უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა გამოუგზავნეს. მიმართვაში უკრაინელი დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უკრაინასა და საქართველოს აერთიანებს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა და დროში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობა. მიმართვაში დეპუტატები პრემიერს და პრეზიდენტს მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში.
როგორც დეპუტატების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებული არიან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
“ჩვენმა ორმა ერმა იცის თავისუფლების მაღალი ფასი და დაუფიქრებლად მზად არიან მის დასაცავად, სიცოცხლის ფასად. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები მტკიცედ არის ფესვგადგმული ჩვენს ცხოვრებაში. ამის გაცნობიერებით, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარებით…
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვა უკრაინის უფლება და მოვალეობაა, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა 2015 წლიდან. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი სიცოცხლე ნამდვილად აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. აუცილებელია დაუყოვნებლივი გადაყვანა სამოქალაქო, კერძო, მაღალი კლასის კლინიკაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე: მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ მიხეილ სააკაშვილი მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, რაც გარანტიას იძლევა მისი სიცოხლის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი საადვოკატო-საკონსულო დაცვა და რაც შეიძლება მალე მოხდეს უკრაინაში დაბრუნება”, – წერია რადას დეპუტატების განცხადებაში.
მიმართვას გამოცემა „გორდონი“ ავრცელებს.