22.11.2024

2020 წელის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი – საია

საია: „პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები და გოგონები იმყოფებიან არათანასწორ მდგომარეობაში, მეტად ხდება გენდერული ნიშნით ძალადობა, ქალთა შრომა დაუფასებელი, ხოლო ქალის როლი დაკნინებულია.

„2020 წელის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ.“ – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეფასებას აქვეყნებს.

 საია-ს შეფასებით, ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი და კოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სექსუალური ძალადობა საქართველოში კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად. საია-ს შეფასებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი.

„8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, წლებია ქალთა თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის თარიღია. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები და გოგონები იმყოფებიან არათანასწორ მდგომარეობაში, მეტად ხდება გენდერული ნიშნით ძალადობა, ქალთა შრომა დაუფასებელი, ხოლო ქალის როლი დაკნინებულია.

საქართველომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ე.წ. სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, ქალთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად და ძალადობისგან დასაცავად სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა. მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხი და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს მრავალი ასპექტით მუშაობას.

ქალები და გოგონები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების ძალადობას, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება, იძულებითი აბორტი. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მრავალწლიანი გადამზადების მიუხედავად კვლავ პრობლემურია ქალთა მიმართ, განსაკუთრებით კი, სქესობრივი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება. ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.

ფემიციდი არის მკვლელობა, რომლის მსხვერპლი არის ქალი და რომელიც ხდება ქალის გენდერთან დაკავშირებული მიზეზით. ფემიციდი არის გენდერული დანაშაული, რომელიც სტრუქტურული უთანასწორობის, დაქვემდებარებულობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ზოგადი კონტექსტის ნაწილია. გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის „ფემიციდის“ ყოველწლიური შემთხვევები, აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან პრევენციულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პოლიტიკის სისუსტეს.

2020 წელის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ. ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი და კოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას. ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც სახელმწიფო უწყება ახორციელებს და რომელიც ემსახურება პრევენციას, მეტწილად არის ქაოტური და არასისტემური, რაც ამცირებს პრევენციული სამუშაოების ეფექტიანობის კოეფიციენტს.

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა ბუნების გამოკვლევა, მსხვერპლთა დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისა და გოგონებისთვის. საქმეში, გენდერული მოტივის გამოკვეთის მიზნით, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და ნათელი ხედვა, თუ რა უნდა იყოს მიჩნეული გენდერულ მოტივად. აუცილებელია, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, კონკრეტულ ფაქტებზე, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება. პროკურატურამ, ხოლო შემდგომ სასამართლომ გამოკვეთოს დანაშაულის ჩადენის მოტივი, რაც გამოიწვევს პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად

სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად. არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია.

სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი. მიმდინარე წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სექსუალური დანაშაულის არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელთა მსხვერპლებიც არასრულწლოვნები არიან. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია.

სექსუალური ძალადობის მძიმე შემთხვევები მოითხოვს სახელმწიფოსგან მსგავსი დანაშაულების პრევენციაზე აქტიურ მუშაობას. ხოლო, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მხრიდან აუცილებელია სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების წარმოება, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანი დაზარალებულების შესაბამისი ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისებით აღჭურვა.

იძულებითი აბორტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით დაცული უფლებების სფეროში ექცევა. იძულებითი აბორტი, ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ რთულ ფორმადაა მიჩნეული ე.წ. სტამბოლის კონვენციის 39-ე მუხლით.

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულების მიუხედავად, იძულებითი აბორტის საკითხი დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში რაც შეიძლება სწრაფად აისახოს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნები, ცვლილებები შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში და მოხდეს იძულებითი აბორტისა და აბორტის იძულების შემთხვევების კრიმინალიზება.

საია-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლში 2016-2019 წლებში იძულებითი ქორწინების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით

იძულებითი ქორწინების საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობს, თუმცა იგი შეიძლება განიმარტოს, როგორც ქორწინება, რომელიც დაიდო ერთი, ან ორივე პარტნიორის თანხმობის გარეშე და, შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის ნების საწინააღმდეგოდ. იძულებითი და ნაადრევი ქორწინება, კანონსაწინააღმდეგო ბუნების გარდა, იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, რადგან ხშირ შემთხვევაში იძულებითი ქორწინების შემდეგ მსხვერპლს შეზღუდული აქვს ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა, სექსუალურ და რეპროდუქციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განათლება, პირადი ცხოვრება, თავისუფლების უფლება და სხვა.

საია-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლში 2016-2019 წლებში იძულებითი ქორწინების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ასევე უფრო ხშირად ვაწყდებით ნიშნობის იძულების პრაქტიკასაც. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააძლიეროს მუშაობა ნაადრევი ქორწინებისა და იძულებითი ქორწინების პრევენციის მიმართულებით, ვინაიდან საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით სწორედ პრევენციაა მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი გზა. ქორწინების მინიმალური ასაკობრივი ზღვრის დაწესება, გოგონებისთვის განათლების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია ქორწინების იძულების პრევენციის მნიშვნელოვანი ბერკეტებია.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, პანდემიის დროს იმატა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების რისკმა. COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევდათ, რითაც მოძალადეები სარგებლობდნენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებდნენ.

გარდა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში, მსხვერპლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად მიიღონ სერვისები, რომლებსაც სთავაზობს სახელმწიფო და ჰქონდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია

იმ ფონზე, როდესაც პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები მსოფლიო მასშტაბით ერთი მესამედით გაიზარდა, საქართველოში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის ოფიციალური მაჩვენებელი პანდემიის დროს საგრძნობლად არ გაზრდილა, რაც მსოფლიო ტენდენციის პირობებში გარკვეული კითხვის ნიშნის დასმის საფუძველია.

საგანგებო მდგომარეობისა, თუ პანდემიის პირობებში შემოღებული სხვადასხვა ზომები ამცირებდა მსხვერპლების დასახმარებლად ადვოკატების ჩართულობის შესაძლებლობებსაც, რაც ქალებისა და გოგონებისათვის დამატებითი ბარიერია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად . გარდა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში, მსხვერპლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად მიიღონ სერვისები, რომლებსაც სთავაზობს სახელმწიფო და ჰქონდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია. ერთი მხრივ, ეს ინფორმაცია უნდა იყოს მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფდეს მათ დახმარებას და მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობას მსხვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამების კუთხით, სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში, დახმარების რაიმე სახის ღონისძიებები არ განხორციელებულა.

შეიქმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებების გატარებას – ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით

ქალთა მიმართ ძალადობისთვის პრევენციისა და ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის შესაფარდებლად მნიშვნელოვანია: შეიქმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებების გატარებას – ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, მათ შორის შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, დაინერგოს და განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული გადამზადების პროგრამები; შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, წარმართონ გამოძიება გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით და ყველა შემთხვევაში გამოიყენონ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი კვალიფიკაცია; საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშულების დეფინიციაში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მოახდინოს იძულებითი აბორტის და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია”, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img