თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული პირების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს, საქმეზე დაზარალებულად ცნობილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაიკითხა, რომელმაც 5 ივლისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და სასამართლოს მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
“პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ამდენი წელი შევალიე ჩემს პროფესიას და ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ. არ მინდა ჩემს გამო უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს დაუდასტურდა, რასაც პროკურატურა ედავება, გთხოვთ, უმკაცრესი სასჯელი იყოს გამოყენებული ამ ადამიანების მიმართ” – თქვა თვალიაშვილმა.
მისი განცხადებით, მომხდარი დაპირისპირების შემდეგ 10 დღის განმავლობაში ვერაფერს ვერ ხედავდა და უსინათლო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა, დღეს კი „ფაქტობრივად სახლშია გამოკეტილი და სამსახურშიც პრაქტიკანტის მოვალეობას ასრულებს“.
,,დაპირისპირების შედეგად სამწუხაროდ, ბევრი დაზიანებები მქონდა, ერთ-ერთი შედეგია, რომ სათვალე მიკეთია და სამუდამოდ უნდა მეკეთოს ეს სათვალე, დღემდე ვმკურნალობ და მედიკამენტებს ვიღებ იმისთვის, რომ ტკივილები გავიყუჩო. 15 წლის განმავლობაში სამსახურში დაზღვევაც არ მქონია, იმიტომ რომ არასდროს დამჭირვებია ექიმთან ვიზიტი, არანაირი პრობლემა არ მქონია აქამდე. ფაქტობრივად სახლში ვარ გამოკეტილი და სამსახურშიც თუ ვარ პრაქტიკანტის მოვალეობას ვასრულებ, პრაქტიკანტსაც არ ასაქმებენ ისე, როგორც მე ვარ დასაქმებული „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, ჩემი საქმე პრაქტიკულად საქმე არ არის. მირჩევნია სახლში ვიყო და საკუთარ თავს მივხედო, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ თავისუფალ დროს გავიდე და მეგობრებთან გავერთო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი.
რთულია იმაზე საუბარი რატომ შეიძლება ადამიანმა ასე გაგწიროს, არცერთ მათგანს არ ვიცნობ, არცერთი მათგანი თვალით არ მინახავს და არასდროს შეხება არ მქონია. ამ დრომდე ვერ ვხვდები ამის მიზეზი და მიზანი რა იყო. პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ამდენი წელი შევალიე ჩემს პროფესიას და ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ, არ მინდა ჩემს გამო უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს დაუდასტურდა რასაც პროკურატურა ედავება გთხოვთ უმაღლესი სასჯელი იყოს გამოყენებული ამ ადამიანების მიმართ.
სასწრაფოში მიყვანის შემდეგ პირველი დიაგნოზი იყო თვალის ქიმიური დამწვრობა, რასაც შემდგომ ბევრი რამ დაემატა, ეს ყველაფერი ორივე თვალს ეხება. ყველაზე საშინელება იყო, რომ 10 დღის განმავლობაში ვერაფერს ვერ ვხედავდი, უსინათლო ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ერთ-ერთი ჩემი კოლეგა თავისი ხელით მაჭმევდა, ფიზიკურად არ მქონდა ძალა, რომ ხელი ამეწია და ჩემით მეჭამა“, – აღნიშნა ილია თვალიაშვილმა.