დღეიდან, გიორგი გახარიასთან ერთად, პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას ვიწყებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.
„გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება – დღეიდან ვიწყებთ პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას, შესაბამისად, ვტოვებთ ფრაქციას და პარტია „ქართულ ოცნებას“. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მოულოდნელი არც თქვენთვის და არც „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება გეგმებს, უახლოეს მომავალში, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები -გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.