აღდგომის დღესასწაულის დღეებში მღვდელმსახურები საფლავებზე მივლენ და აკურთხებენ და მოქალაქეების მისვლა საჭირო აღარ იქნება – ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
აროგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააღდგომო წირვა წინა წელს გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით ჩატარდება და ძირითადი რეგულაციები პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა იქნება, სააღდგომო წირვას კი, სამებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრება.
“აღდგომა იქნება ძალიან ბედნიერი. დიდი სიხარულის მომტანი, განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის.
ეკლესიისთვის შარშანდელი რეგულაციები გვახსოვს. შარშან იყო ძალიან ზედმიწევნით დაცული ეს რეკომენდაციები. წელსაც საპატრიარქომ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებით განცხადება, რომ გავიხსენოთ ყველა ის მითითება, რაც შარშან იყო და ვიზრუნოთ მის აღსრულებაზე. ძირითადად ეს იქნება დისტანცია. ასევე, მრევლს ვთხოვთ, რომ იქონიონ პირბადე.
რადგან სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია რეგულაცია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, საპატრიარქომ შესაბამისი მითითება გამოსცა და მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.