“გუშინ ბათუმში როდესაც ვიყავით, თითქმის სავსე იყო ყველა ადგილი, ყველა რესტორანი, ყველა კაფე-ბარი, არამხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით, არამედ ტურისტებით. აქედან გამომდინარე, მინდა ჩვენს მოქალაქეებს თხოვნით მივმართო – ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ მოგვიწევს ხელახლა შეზღუდვების შემოტანა. არც მინდა, სიტყვა დაკეტვა გავიმეორო. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მთავრობას გვერდში უნდა დაუდგნენ.
გუშინ ჩვენ 11 000 აცრა ჩავატარეთ,რაც საკმარისი არ არის. ჩვენ თუ არ ავედით დღეში 20-30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესის მართვა. დღეს 2 600 შემთხვევა გვქონდა, ეს არის ძალიან საგანგაშო, მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოსახლეობა – ძალიან ცუდი ტენდენციაა, გვინდა, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, გვინდა, ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს მთავრობას – გთხოვთ, აიცერით.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.