თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ლაბორანტის პოზიციაზე დანიშნა.
ეკა კიკნაძე ამბობს, რომ კულტურის მინისტრმა სამსახურიდან მისი გუნდის მიერ მუზეუმიდან ექსპონატების უსაფრთხო გატანის გეგმის შემუშავების შემდეგ მოხსნა. მისი თქმით, გეგმა სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა წულუკიანს ის არ მოეწონა.
„ევაკუაციის საავტორო პროექტზე ვმუშაობდით ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების დიდი გუნდი, ხოლო მის უშუალო განხორციელებაზე პასუხისმგებლები ვიყავით მე – მუზეუმის მმართველი, ჩემი მოადგილე და მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მინისტრმა წულუკიანმა ამა წლის 20 აპრილის დანიშნა ახალი დირექცია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემუშავებული პროექტი აქტუალური აღარ არის.
რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წერილით, მოვითხოვე ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა. პასუხად, დღეს მიღებული ბრძანების თანახმად მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან გადაყვანილი ვარ ლაბორანტის პოზიციაზე. ეტყობა, მინისტრმა, რომელსაც ძალიან “ვუყვარვარ”, ახალ დირექტორს უთხრა, “ჩამოალაბორანტებო”. მას კი დოჩანაშვილი არ წაუკითხავს და პირდაპირ გაიგო. ევაკუაციის პროცესს უხელმძღვანელებს: ახალი დირექტორი (პროფესიით – სამართალმცოდნე), მისი ორი მოადგილე – ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი. პროცესში ჩართული არ იქნება ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების გუნდი. მხოლოდ ხელოვნების მუზეუმში არსებული ინტელექტუალური რესურსი, ევაკუაციის მასშტაბთან მიმართებაში, აბსოლუტურად არარელევანტურია. ევაკუაციის ახალი დოკუმენტი, სადაც პროცესი დეტალურად იქნება გაწერილი, ჩვენთვის ცნობილი არ არის. ეჭვი მაქვს, ასეთი უბრალოდ არ არსებობს. სიტყვიერად გაჟღერებული განზრახვები არის საგანგაშოდ არაპროფესიონალური და საფრთხის შემცველი, როგორც კოლექციების უსაფრთხოების, ისე სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მათდამი დიდი ინტერესის გათვალისწინებით. ამ (და სხვა) მიზეზების გამო, დაუშვებელია ევაკუაციის დაწყება, სანამ ახალი გეგმა არ გახდება საჯარო ყველა დაინტერესებული პირისთვის და არ იქნება შეფასებული სპეციალისტების მიერ”. – წერს სოციალურ ქსელში ეკა კიკნაძე.
ეკა კიკნაძის განცხადებით, ის სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.