ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკურ სექტორში მობილიზებული შვიდი ათასამდე საწოლიდან, ექვსი ათასამდე საწოლი უკვე დაკავებულია.
“დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31 000 პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმრავლესობა მკურნალობას გადის ბინაზე და აქტიურად არიან ჩართულები ოჯახის ექიმები. ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდ-სასტუმროებში და დღეს კლინიკურ სექტორში მობილიზებული არის 7000-მდე საწოლი, საიდანაც 6000-მდე დაკავებულია. მოვუწოდებ, ჩვენს მოსახლეობას, რომ ინტენსიურად ჩაერთონ აცრებში. ასევე არ დაავიწყდეთ, მნიშვნელოვანია ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცია”. – თქვა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ვაქცინაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
“ჩვენ მასიური ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავდით ივლისის ბოლოს, აგვისტოს თვეში და სწორედ დათქმულ თარიღებში დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი. შესაბამისი სივრცეები ეწყობა. კონკრეტულად ამ სივრცის მოწყობისთვის [სამედიცინო უნივერსიტეტის] დაგვჭირდა 48 საათზე ნაკლები. როგორც კი ჩვენ დავინახავთ პაციენტების მოთხოვნა არის მაღალი, დაემატება აცრის სივრცეები. არ არსებობს საქართველოში არანაირი დეფიციტი არც ერთი ვაქცინის”. – აცხადებს ტიკარაძე.