იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.
პროფესორ ივანე ჩხაიძის თქმით, კოვიდ 19-ის დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ერთ ადამიანს შეუძლია 8 პირი დაასნებოვნოს და ამ მაჩვენებლით, ჩუტყვავილას გაუტოლდა.
„სულ 11 მუტაციაა ცნობილია, მაგრამ დელტა მართლაც გამორჩეულია. ერთი დაავადებული დელტა ვარიანტით მის გარშემო 8 ადამიანს ასნებოვნებს და ამ მაჩვენებლით უკვე დელტა შტამი ჩუტყვავილას გაუტოლდა. წითელას შემდეგ არის მეორე ვირუსი, რომელსაც ამ მხრივ მართლაც გამორჩეული თვისება აქვს. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში დაიწყო შემთხვევების მკვეთრი მატება.
მის წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, გარდა ორჯერადი ვაქცინაციისა. ეს იძლევა ჯაჭვის გაწყვეტის შესაძლებლობას. ამიტომ მთავარი ამოცანაა ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა. ეს არის ერთადერთი გზა დელტა ვარიანტის გავრცელების შეფერხების“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.