ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები. ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს. სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზირებასაც, რაც მთავარია, ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რაკი ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ შესაძლებელი მათდა სამწუხაროდ. რაც შეეხება თვითონ საქმეს, (იმიტომ, რომ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ქუჩაში, ეს არ იყო საქმე) კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი ურყევი პოზიცია, რომელიც არის სამინისტროსა და მთავრობის ურყევი პოზიცია. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი ბოლო 15-20 წლის მანძილზე, მე არ მომერიდება, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას, გამოიშიგნა და ჩვენ გაჩვენებთ ინვენტარიზაციის შედეგებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან, აქვთ გარკვეული შიშები, იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია არ არის მარტივი პროცესი. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ამ ინვენტარიზაციის შედეგებს წარმოგიდგენთ თქვენ, საზოგადოებას, სწორედ ეს არის ჩვენი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის მაგალითი. ეს მუზეუმი, ათეული წლები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ბატონი დავით ლორთქიფანიძის მმართველობის პირობებში იყო გამოწვევა და დღესაც არის. ჩვენ ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, მუზეუმიდან არის გატანილი არაერთი ექსპონატი და ამ ექსპონატების სახელობითი სია დაიდება სექტემბრის ბოლოს, მანამდე კი, მინისტრის თქმით, გასაგებია, რომ „ვიღაცებს ყვირილი მოუნდებათ“.
„მუზეუმის შენობა უნდა აღდგეს. ამას დასჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. ჩვენ გვაქვს მთავრობის შიგნით დისკუსია ამის შესახებ და საბიუჯეტო ასიგნებებში გაისად ეს უკვე აისახება, მაგრამ სანამ თანხა აისახება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შრომა გასაწევი. კონსტრუქციული ნაწილი მნიშვნელოვანია, როგორ უნდა აღდგეს ეს შენობა, საჭიროა პროექტი. ამის თაობაზე უკვე მუშაობს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს კონსტრუქტორი ბატონი გიგლა ჭანუყვაძე. რაც შეეხება სამუზეუმო საქმეს, ამ პროცესში ჩართულია დირექტორის მოადგილე გია მარსაგიშვილი, რომელსაც დანანებით უნდა ვთქვა, რომ აზრს არც კი ეკითხებოდნენ, ისე მართავდნენ ფონდის უფროსები ამ მუზეუმს. მინდა მათ მოვუწოდო, რომ ბატონი გიას კომპეტენტურობას ენდონ იმიტომ, რომ მისი კომპეტენტურობა არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ არავის მიერ. ასევე ჩვენ გვყავს მუზეუმის შესანიშნავი მენეჯერი. მუზეუმს აქამდე კომპეტენტური მენეჯერი არ ჰყოლია და ეს გახლავთ ბატონი ნიკა ახალბედაშვილი. ამასთან, ყველა თანამშრომელი, ვინც მანამდე მუშაობდა, რჩება ადგილზე. ვისაც უნდა შრომა, შრომობს. ვისაც ყვირილი უნდა, ყვირის, მაგრამ ვინც ყვირის, მასაც მოუწევს მუშაობა იმიტომ, რომ ფონდებში არის მძიმე მდგომარეობა და ინვენტარიზაციის შედეგები ამას აჩვენებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.