ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, რომლის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს უკვე „თალიბები“ აკონტროლებენ, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილების შედეგად, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა, დაახლოებით, 5 ათასამდე გაიზრდება.
ბაიდენის თქმით, სამხედროები აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლების უსაფრთხო ევაკუაციას უზრუნველყოფენ და ასევე, მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებსა და ავღანელ მოსახლეობას დაეხმარებიან.
შეთანხმების თანახმად, ავღანეთიდან ამერიკული დანაყოფების გასვლა 31 აგვისტოს სრულად უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, არაერთი მედიასაშუალება გამოთქვამს ეჭვს, რომ ეს ვადა დაირღვევა.
ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 23 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქვეყნის ძირითადი ქალაქებიდან დედაქალაქი ქაბული ახლა ერთადერთი ადგილია, რომელზეც მთავრობის კონტროლი ამ დრომდე ვრცელდება.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.