აშშ-მა გააფრთხილა „თალიბანი“, არ ჩაერიოს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი გამანადგურებელ ზომებს მიმართავს, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა.
მაკკენზის თქმით, ის „თალიბანის“ ლიდერებს დოჰაში კვირას შეხვდა და განუცხადა, რომ თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას გამანადგურებელი საპასუხო ზომა მოჰყვება.
„აშშ-ის მოქალაქეებისა და ჩვენი პარტნიორების დაცვა, ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ უსაფრთხო და ეფექტური გასვლისთვის“, – განაცხადა გენერალმა.
მისი შეფასებით, ქაბულის ჰამიდ ყარზაის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკელი სამხედროები ეფექტურად ოპერირებენ და მოქალაქეთა და დიპლომატთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.