amerikiskhma.com

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაცრად გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დაებლოკა ტეხასის ახალი კანონი, რომელიც შტატში აბორტების უმეტესობას კრძალავს და ფედერალურ სააგენტოებს დაავალა, გაკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა “ქალები და მომსახურების მიმწოდებლები კანონის გავლენას განარიდონ”.

რამდენიმე საათით ადრე, შუაღამისას, მკვეთრად დაყოფილმა უზენაესმა სასამართლომ კანონი ძალაში დატოვა. ეს აბორტის უფლების ყველაზე დიდი შეზღუდვაა 1973 წლის შემდეგ, როდესაც უზენაესმა სასამართლომ საქმეზე – “რო ვეიდის წინააღმდეგ” – მიიღო სანიშანსვეტო გადაწყვეტილება, რომ ქალებს აბორტის კონსტიტუციური უფლება აქვთ.

აბორტის მომსახურების მიმწოდებლების და სხვების მხრიდან საგანგებო აპელაცია, სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა, მაგრამ იმავდროულად მიანიშნა, რომ სავარაუდოდ მათი გადაწყვეტილება ბოლო სიტყვა არ იქნება და სხვა სარჩელების წარდგენაც შესაძლებელი იქნება.

ბაიდენმა თავის განცხადებაში თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია “ამ გადაწყვეტილებაზე პასუხის გასაცემად მთელი მთავრობის ძალისხმევას” დაიწყებს და გამოიკვლევს “ფედერალურ მთავრობას რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, რათა უზრუნველყოს, რომ ტეხასში ქალებს “როს” საქმიდან გამომდინარე, უსაფრთხო და კანონიერ აბორტებზე წვდომა ჰქონდეთ”.

ბაიდენმა, რომელიც დემოკრატების მხრიდან განიცდის წნეხს, რომ უზენაესი სასამართლოს ზომა გაზარდოს, სასამართლოს გადახედვის განკარგულება გასცა, რაც მომავალ თვეში უნდა მოხდეს.

ტეხასის კანონი, რომელსაც რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ხელი მაისში მოაწერა, კრძალავს აბორტებს იმ მომენტიდან, როდესაც პროფესიონალი მედიკოსები გულის მუშაობას აღმოაჩენენ. ეს ორსულობის დაახლოებით მეექვსე კვირაში ხდება, სანამ ქალების უმრავლესობა გებულობს, რომ ორსულადაა.