amerikiskhma.com
ალ-ყაიდას ხელმძღვანელი აიმან ალ-ზავაჰრი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გარდაცვლილი ეგონათ, 11 სექტმბრის 20 წლისთავზე ვიდეო მიმართვაში გამოჩნდა.
სადაზვერვო სამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯიჰადისტების ვებსაიტზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ალ-ყაიდას ხელმძღვანელი ამბობს, რომ “არასდროს მოხდება იერუსალიმის იუედეიზაცია”. ამავე ვიდეოში ტერორისტების ხელმძღვანელი აქებს ალ-ყაიდას გასული თავდასხმების გამო, მათ შორის ერთ-ერთი, იანვარში, სირიაში რუს სამხედროებზე თავდასხმაც იყო.
ამავე ვიდეოში, ზავაჰრი საუბრობს ამერიკის ჯარის ავღანეთიდან გაყვანაზეც. თუმცა, სადაზვერვო სამსახურები ამბობენ, რომ ეს ვიდეო აიცილებელი არ არის ახალი იყოს, ვინაიდან ამერიკამ თალიბანთან ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის თებერვალში მოაწერა და შესაძლოა, რომ ეს ვიდეო მას შემდეგ, ნებისმიერ დღეს ყოფილიყო ჩაწერილი.
ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, ალ-ყაიდას ხელმძღვანელი არ საუბრობს თალიბანის მიერ ქაბულის აღებაზე, თუმცა ყურადღებას ამახვილებს 1 იანვარს, რუს სამხედროებზე თავდასხმაზე.
არსებობდა ჭორები, რომლის მიხედვითაც, ზავაჰრი ავადმყოფობის შედეგად, 2020 წლის დასასრულს გარდაიცვალა. მას შემდეგ მისი არსებობის დამამტკიცებელი ვიდეო, ან ფოტო მასალა არ გავრცელებულა კვირამდე, როდესაც ზემოთხსენებული ვიდეო დაიდო.
ბოლო წლებში, ალ-ყაიდას კონკურენტი ტერორისტული დაჯგუფება, “ისლამური სახელმწიფო” (აისისი) გამოუჩნდა. ისინი ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე 2014 წელს გაერთიანდნენ და მას შემდეგ, ალ-ყაიდაზე გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ.
აისისმა ე.წ “ხალიფატი” ჩამოაყალიბა ერაყისა და სირიის მიდამოებში, თუმცა 2019 წელს, ამერიკელმა სამხედროებმა მათი ლიდერი, აბუ ბაქრ ალ ბაღდადი მოკლეს და დაჯგუფებას სერიოზული ზიანი მიაყენეს. ისინი ახლა შედარებით შესუსტებულები არიან და თითქოს, ხალიფატიც, ფიზიკურად, განადგურებულია, თუმცა, მისი მებრძოლების დიდი ნაწილი, კვლავ ცოცხალია.
სწორედ აისისს ედება ბრალად ქაბულის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი, რომლის შედეგადაც, 13 ამერიკელი სამხედრო და დაახლოებით, 90 ავღანელი დაიღუპა.
ალ ზავაჰრი, წარმოშობით ეგვიპტელი, ალ-ყაიდას ლიდერი 2011 წელს მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ბინ ლადენი, ალ-ყაიდას ხელმძღვანელი და 11 სექტემბრის შემოქმედი მოკლეს.