amerikiskhma.com
შეერთებული შტატების სამი ყოფილი პრეზიდენტი გაერთიანდა იმისთვის, რომ დაეხმარონ ავღანელი დევნილების შეერთებულ შტატებში დასახლებას და მათ მცდელობას, დაიწყონ ახალი ცხოვრება ამერიკაში. ესენი არიან: რესპუბლიკელი პრეზიდენტი – უმცროსი ჯორჯ ბუში და ორი დემოკრატი პრეზიდენტი – ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.
ისინი დაეხმარებიან კოალიციას სახელად Welcome.US. ის საადვოკატო ჯგუფების, ამერიკული ბიზნესების და სხვადასხვა სფეროს ლიდერების გაერთიანებას წარმოადგენს.
კოალიციის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ისინი თავს მოუყრიან მოხალისეებს და დაიწყებენ ავღანელ დევნილთა კოორდინირებულ დახმარებას. საუბარია ათობით ათასი ადამიანის ამერიკაში განსახლებაზე, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ძალებმა ავღანეთი დატოვა. სამშაბათს გამართულ პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ამისთვის დიდძალი ფინანსური რესურსის მობილიზაციაც არის საჭირო.
“ათასობით ავღანელი იდგა ჩვენს გვერდში ფრონტის წინა ხაზზე, რათა ერთად შევჭიდებოდით უფრო უსაფრთხო სამყაროს მშენებლობის საქმეს, და ახლა ისინი ჩვენს დახმარებას საჭიროებენ. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დავეხმარებით ორგანიზაციას Welcome.US და მათ მუშაობას, რათა ავღანელი ოჯახები დასახლდნენ [ამერიკაში] და ახალი ცხოვრება დაიწყონ” – ნათქვამია ჯორჯ და ლორა ბუშების განცხადებაში.
კოალიციაში უკვე გაერთიანდა 280-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია. აქ წარმოდგენილია ისეთი მსხვილი ბიზნესები, როგორიცაა “მაიკროსოფტი”, “სტარბაქსი”, სააფთიაქო ქსელი CVS, ტექნოლოგიური კომპანია AirBnB და ბევრი სხვა კომერციული თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვეტერანთა ჯგუფები და სააგენტოები.
ბოლო კვირების განმავლობაში, ქაბულის აეროპორტი ათობით ათასმა ადამიანმა დატოვა, რომლებსაც ავღანეთში თალიბანის მმართველობის დამყარების ეშინოდათ. ამის მიზეზი ქვეყნიდან შეერთებული შტატების და მის მოკავშირეთა სამხედრო ძალების სრული გასვლა იყო. პროცესი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე დამოუკიდებლად მუშაობს ავღანეთიდან დევნილთა შეფარებაზე. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ისინი 50 000-მდე დევნილის განთავსებას ცდილობენ.
კოალიციაში Welcome.US. მონაწილეობის თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ახალ ორგანიზაციასთან მუშაობაში არც ყოფილი დემოკრატი პრეზიდენტი, 96 წლის ჯიმი კარტერია ჩართული.