საქართველოში საცალო ქსელებში საწვავის ღირებულება ისტორიულ რეკორდებს ხსნის. 1 ნოემბერს ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე ზრდის მიმართულებით ფასები 10 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა. მიზეზი ამჯერადაც საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი ღირებულებაა.
როგორც „ვისოლ პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი bm.ge-სთან ამბობს, მხოლოდ ერთ თვეში პლატცის მიხედვით, ერთი ტონა საწვავის ფასი 100 დოლარით არის გაზრდილი.
“თუ ერთი თვენახევრის პერიოდს ავიღებთ, ჩვენ გვაქვს სტაბილური ლარი, რაც შეეხება არასტაბილურობას, ის ნამდვილად შეიმჩნეოდა ნავთობპროდუქტებზე. ინდექსი ტონაზე 100 დოლარით გაიზარდა. ლიტრებში გადაყვანილი ეს არის 25-30 თეთრამდე ცვლილება ანუ მხოლოდ ამ კომპონენტის გამო 25-თეთრიანი ცვლილება უნდა განხორციელდეს ბაზარზე. ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ გითხრათ, ოქტომბრის მეორე ნახევარში მხოლოდ მცირედი ცვლილება გავაკეთეთ, 10 თეთრის ფარგლებში.
თუ დავაკვირდებით საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდის დინამიკას, ჩვენი რეაქცია ფასების ზრდიდან 3 კვირის შემდეგ იყო“, – აცხადებს ვასილ ხორავა.
ნავთობიმპორტიორები საწვავზე ფასის შემცირების ერთადერთ ბერკეტს აქციზის გადასახადის შემცირებაში ხედავენ, რომელიც მთავრობის 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, გაორმაგდა (ბენზინზე აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე).
წყარო: bm.ge