კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მეტი აქტიურობაა საჭირო ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის.
„ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, ვინც პირად შიშებსა და პირადი ჯანმრთელობის გამო ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს. პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და ერთად უნდა დავძლიოთ ეს პანდემია.
დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი – სახელმწიფოს პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა.
პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც თავს იკავებს და საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა.
პასუხისმგებლობა ეკუთვნით პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების მიუხედავად და სიფრთხილის მიუხედავად.
არის პასუხისმგებლობა სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს.
მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.