სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს – მას უთხრეს, რომ მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, სადაც ის გადაყვანას ითხოვდა.
ამასთან, ომბუდსმენის ცნობით, რუსთავის N12 დაწესებულებაში, სადაც სააკაშვილი ამ დრომდე იხდიდა მსჯავრს, არ არსებობს არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტი ინფორმირებული იყო იმის შესახებ, თუ სად გადაჰყავდათ ის.
“მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა დაგაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში, შესაბამისად, საკუთარი ნებით დასთანხმდა აღნიშნულს.
ჩვენ N12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი გაფორმებული, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ N18 დაწესებულებაში, ასეთი რამ არ არსებობს. ის ამბობს, რომ მან ზეპირად იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, მან თქვა, რომ მას არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს N18 დაწესებულებაში.
უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა მის დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა, ჩემთვის არ დაუდასტურებია მას, რომ სხეულზე ეტყობა დაზიანებები და რაც შემეძლო, რომ დამენახა, ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები. თუმცა, სჯობს, რომ ექიმმა დაათვალიერეს.
დიახ, ვიმეორებ, მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, ის დაემშვიდობა იქაურ ექიმებს, რასაც ის ექიმებიც ადასტურებენ. მან თქვა, რომ სურდა კონსილიუმთან შეხვედრა და ელოდებოდა 15:00 საათზე ამ შეხვედრას, თუმცა, უარი უთხრეს ამაზე”. – ამბობს სახალხო დამცველი.
ამავდროულად, ნინო ლომჯარიას თქმით, გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში არ აქვთ ის აპარატები, რაც გათვალისწინებული იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მიმაგრებული ექიმების კონსილიუმის რეკომენდაციებში.
კერძოდ საუბარია MRT-სა და კათეტერიზაციის აპარატებზე. რაც შეეხება კატეს აპარატს, ის გლდანის ციხის საავადმყოფოში დღეს გადაიტანეს და ჯერჯერობით არ არის დამონტაჟებული.
“მე გავესაუბრე ადგილზე მორიგე რეანიმატოლოგებს, მთავარ ექიმსაც, დავათვალიერე საოპერაციო და ინტენსიური თერაპიის განყოფილება. მე არ ვარ, ბუნებრივია, ექიმი და ვერ მოგახსენებთ ზუსტად, მაგრამ ადგილზე არის გარკვეული აპარატურა. ამ დროის მდგომარეობით, კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ადგილზე არ არის MRT-ს აპარატი და კათეტერიზაციის აპარატი… კატეს აპარატი ჯერჯერობით დერეფანში დგას და ელოდებიან, რომ დამონტაჟდეს”. – თქვა ნინო ლომჯარიამ.