ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის, ლიზა ჰედმანის განცხადებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 2022 წელს ვაქცინაციისთვის საჭირო შპრიცების გლობალური დეფიციტი შეიძლება შეიქმნას.
„იმუნიზაციისთვის საჭირო შპრიცების გლობალური დეფიციტი შეიძლება შეიქმნას, რამაც სერიოზული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა იმუნიზაციის ძალისხმევის შენელება და უსაფრთხოების პრობლემები“, – აღნიშნა ლიზა ჰედმანმა.
მისი თქმით, დეფიციტმა ვაქცინაციის შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ასევე შპრიცებისა და ნემსების განმეორებით გამოყენებას შეიძლება ხელი შეუწყოს, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში აცრებისთვის საჭირო შპრიცების წარმოების შესაძლებლობა წელიწადში დაახლოებით 6 მილიარდ შპრიცს შეადგენს, ხოლო 2021 წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო 6.8 მილიარდი აცრა ჩატარდა.