პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ განსაზღვრა, სად უნდა იყოს სააკაშვილის ადგილსამყოფელი, თქვა, რომ სადაც არის, უნდა იყოს დაცული და უმკურნალონ.
დოლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა დაგვიანებული იყო და თავის დროზე რომ მიემართათ, ის მტკივნეული პროცესები, რაც ბოლო დროს ქვეყანაში ხდება აგვცდებოდა.
„სტრასბურგისთვის დროებითი ღონისძიებების მიმართვასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილის ადვოკატებს მოვუწოდე 26 ოქტომბერს, ჩემს საკუთარ დაბადების დღეზე. სამწუხაროდ, ეს მიმართვა დაგვიანებულია. მათ ორი ან სამი კვირით დააგვიანეს. რომ არა ეს დაგვიანება, ის მტკივნეული პროცესები, რაც ბოლო დროს, მათ შორის გუშინ ვიხილეთ, აგვცდებოდა“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, სტრასბურგის განკარგულება მიმართვიდან 24 საათში მოვიდა.
„ამ განკარგულებამ ორი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. მან შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა სააკაშვილს. ეს დიდად რაიმე სიახლე არ არის, რადგან სასამართლო ჰუმანიტარული მიზნებით მოქმედებს. სხვა შემთხვევებშიც აქვს ეს გაკეთებული, მაგალითად მოლდოვაში, როდესაც პოლიტიკური პატიმრები შიმშილობდნენ. ეს არ არის შიმშილობის შინაარსზე მსჯელობა, ეს ჰუმანიტარული აქტია, რომ ადამიანმა საკუთარი თავი არ დაიზიანოს საქმის განხილვის დროს. რაც შეეხება სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას, სასამართლომ ბრძანა, რომ სადაც არის სააკაშვილი, იქ იყოს დაცული მისი ჯანმრთელობის უფლება და უსაფრთხოება და რომ ეს ინფორმაცია მუდმივად მიეწოდოს სტრასბურგის სასამართლოს 24 ნოემბრამდე. ამ შემთხვევაში სასამართლომ არ განსაზღვრა, სად უნდა იყოს სააკაშვილის ადგილსამყოფელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არამედ ითქვა, რომ სადაც არის, უნდა იყოს დაცული, უნდა უმკურნალონ, როგორც აუცილებელია და უსაფრთხოებაც, თუნდაც ციხეში, დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.