პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხება და ევროპარლამენტარების განცხადებების საპასუხოდ გამოაქვეყნა პარტიის თავმჯდომარემ, სწორია და შეგვიძლია გავიგოთ როგორც განწყობის დეკლარირება.
“ეს ერთმნიშვნელოვნად არის სწორი განცხადება, სწორი მისი შინაარსით. თუ კონტექსტსაც გავითვალისწინებთ, როგორია იქ განვითარებული მსჯელობა, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის რა არის ის პრობლემა, რომელსაც ბადებს მსგავსი მიდგომები, რომლებიც შეიძლება ამ შემთხვევაში გულისხმობდეს პრიორიტეტად რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას, ნაცვლად იმისა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის, საბაზისო ინსტიტუციური დემოკრატიის პატივისცემა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქცევის სტანდარტი ზოგადად და კრიტერიუმი შეფასებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს შეგვიძლია გავიგოთ, როგორც ზოგადად განწყობის დეკლარირება. განწყობა ნებისმიერი პირის მისამართით. არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულ პირსაც ეხებოდეს. მაგალითად, ქალბატონი ფოტიგას ჩამოსვლა და მისი განცხადება, რომელმაც გამოიწვია გარკვეული დისონანსი.” – განაცხადა სარჯველაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.