22.11.2024

ცოლ-ქმარ კერესელიძეების ციხის მიმოწერა და საბედისწერო განაჩენი

  • იასონ კერესელიძე 1922 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს “სამხედრო ცენტრის” საქმის სხვა მონაწილეებთან ერთად.
  • მის მიმართ გამოტანილი განაჩენი საბჭოთა ჯალათებმა 1923 წლის 21 მაისს, თბილისში აღასრულეს.

იასონის წერილი საბჭოთა ოფიციოზს:
“რადგანაც მე მძიმე ავადმყოფი ვარ.. ვისაც სჭირდება რიგიანი პირობები, შეწყობილი საჭმელები უმთავრესად ჰაერზე სიარული, ამიტომ გთხოვთ შემიცვალოთ პირობები, მომცეთ საშუალება საავადმყოფოში გასვლისა, სადაც შემეძლება წამლობა. თორემ მე თუ ამ პირობებში მომიხდა დარჩენა, აქედან ან მკვდარს გამიტანენ ან მძიმე ავადმყოფს. ანგრეთვე გთხოვთ ქართ. ჩეკის თავმჯდომარეს, რომ მე სრულებით შემთხვევით დაჭერილი, არავითარი ბრალი არა მაქვს და ვთხოვ პირადად მას, რაც შეიძლება თვით მან დამკითხოს, რადგანაც ვიმეორებ ციხის პირობებს ვერ ავიტან, როგორც ავადმყოფი. ამასთან ერთად გთხოვთ ამ ოთახიდან გადამიყვანოთ სადაც ბევრი ჰაერია და თავისუფლება, რაც უთავრესი წამალია ჩემი ავადმყოფობისთვის. აგრეთვე გთხოვთ მომცეთ კუშეტკა და ფული რომელიც თქვენთან დავტოვე წუხელის.” – 20.10.1922, მეტეხი.

ცოლის, მარიამ კერესელიძის წერილი ამიერკავკასიის საგანგებო კომისიას:
,,აგერ უკვე სამი თვეა, რაც ჩემი მეუღლე იასონ მათეს ძე კერესელიძე დაპატიმრებულია ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის მიერ და მიმდინარეობს გამოძიება. თვითონ ამ დროისთვის არის ავად და იმყოფება ციხის N1 საავადმყოფოში. ჩემთვის, რომელიც კარგად იცნობს ჩემი ქმრის ცხოვრების წესს, აშკარაა მისი უდანაშაულობა. თამამად ველოდები ძიების დასრულებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ დაადგენს მის უდანაშაულობას იმ საქმეზე, რომლისთვისაცაა დაპატიმრებული და რომელთანაც მას საერთოდ შეხებაც არ ჰქონია (ბანდიტიზმი). გთხოვთ, როგორც აქამდე თქვენდამი მომართულ წერილებშიც გთხოვდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქმის გამოძიება და დასრულება. ამასთან, ასევე გთხოვთ, მოიხსნას სამსახურთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები, კერძოდ, დაპატიმრების შემდეგ ჩემი ქმარი ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის განკარგულების საფუძველზე დაითხოვეს სამსახურიდან, ამხანაგობა „მწყემსიდან“, რაც იყო ჩვენი შემოსავლის წყარო და მე, ორ პატარა ბავშვთან ერთად, განწირული ვარ შიმშილით სიკვდილისთვის. რაც გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ და ახლა სიღატაკის ზღვარზე ვიმყოფებით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უჭმელობითა და ცუდი პირობების გამო, ბავშვები მძიმედ არიან ავად, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ 1923 წლის 4 იანვარს გაცემული სამედიცინო ცნობა.

ამიტომ, გემუდარებით ამხ. გამომძიებელო, ჩემი ავადმყოფი პატარა შვილებისთვის გთხოვთ, მისცეთ მათ საშუალება ამ მათთვის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ წუთებში გრძნობდნენ მამის ზრუნვას, რომელსაც ისინი ასე მოკლებულნი არიან აგერ უკვე სამი თვეა…
შეგვიწყალეთ, დაგვიბრუნეთ ოჯახის მარჩენალი ჩემი მეუღლე, გაეცით განკარგულება, რომ გაათავისუფლონ იგი დაუყოვნებლივ, თუნდაც ბავშვების გამოჯანმრთელებამდე, რა პირობებითაც იქნება თქვენთვის სასურველი. შეგვიწყალეთ, შემოდით ჩვენს გამოუვალ მდგომარეობაში. ” – 5.01.1923

მარიამ კერესელიძის შემდეგი წერილი:
,,აგერ უკვე მეოთხე თვეა, რაც ჩემი ქმარი იასონ მათეს ძე კერესელიძე დაპატიმრებულია… ჩვენ შეგვიწყვიტეს მისი სამსახურიდან ხელფასი და მე, ორ პატარა ბავშვსა და არასრულწლოვან დასთან ერთად, დავრჩი ბედის ანაბარად გამოუვალ მდგომარეობაში. ამ უბედურებას ასევე დაერთო ის, რომ ორივე ბავშვი დაავადდა წითელათი, არ მაქვს საშუალება კარგ პირობებში მოვუარო მათ და ავადმყოფობა საკმაოდ გართულდა. მათი ავადმყოფობის შესახებ ცნობა უკვე წარმოვადგინე თქვენთან შეწყალების თხოვნასთან ერთად, მაგრამ ჯერ არანაირი პასუხი არ მიმიღია. გავბედავ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემს მძიმე მდგომარეობას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი და ჩემი ავადმყოფი შვილების გამოუვალი მდგომარეობა და დააჩქაროთ ჩემი ქმრის საქმის გამოძიება, რომელიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, დაკავებულია გაუგებრობის გამო. კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაუბრუნოთ ჩემს შვილებს მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. განვიცდი ძალიან დიდ მატერიალურ გაჭირვებას, სახლიდან აღარაფერი დამრჩა გასაყიდი და თუ ჩემი ქმარი არ დაბრუნდება ოჯახში, მალე ჩვენ შიმშილით სიკვდილისთვის ვიქნებით განწირულნი.” – 27.01.1923

იასონ კერესელიძის დახასიათება (პირადი საქმიდან):
,,თავისი მიზნის მისაღწევად მან რამდენჯერმე მოვლო საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ფეხით, ზურგზე წიგნებ წამოკიდებულმა, დაარიგა წიგნები პოპულარული გამოცემები, ბევრი მათგანი იყო გამოცემული თვით ი. კერესელიძის მიერ, მისივე ხარჯით, რაშიც არავითარი მოგება, ზარალის მეტი არა რჩებოდა. შეაჩვია ხალხი წიგნს, შეისწავლა საქართველოს სხვა და სხვა კუთხეების ზნე-ჩვეულებანი, მათი გასაჭირი და მოთხოვნილებანი და მათ საჭიროებაზე სხვა და სხვა მიმართულებით პერიოდულ გამოცემებში ბეჭდავდა წერილებს სხვადასხვა ფსევდონიმებით და ხან თავის სახელით. უმეტესი მუშაობა მან გასწია სამუსულმანო საქართველოში, სადაც წერა-კითხვა ნაკლებ არის გავრცელებული.
ძნელად მოიპოვება საქართველოში ისეთი მიყრუებული კუთხე, სადაც „იასონ მეწიგნე“-ს სახელი არ იცოდნენ და, თუ მისი სახელი ჰკითხეთ სოფლელს იმ საათში იტყვიან: „ნეტა სად დაიკარგა ჩვენი „გრძელი იასონი“ რა იქნა, რომ აქამდის წიგნები აღარ მოგვაწოდაო.“
აღსანიშნავია ერთი ფაქტიც: ი.კერესელიძემ აჭარიდან ჩამოიყვანა რამდენიმე აჭარელი ბავშვი და მიაბარა თუ არ ვცდები ყაზბეგის სახელობის სასწავლებელში, იმ მიზნით, რომ ისინი სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდებოდნენ უკან აჭარაში და დაანახვებდნენ თავიანთ მეზობლებს, რამდენათ სასარგებლოა სწავლა-განათლება და საქართველოს გულთან, თბილისთან, კავშირის დაჭერა.
ყოველივე ამას ის სჩადიოდა სულ უსასყიდლოთ. ყველამ კარგათ ვიცით, რამდენად საზარალოა საქართველოში წიგნების გამომცემლობა, ისიც ხალხური ლიტერატურა

ბრალდება: საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზება, ყაჩაღური დაჯგუფებების შექმნა და მონაწილეობა, ჯაშუშური საქმიანობის წარმოება ანტანტის სასარგებლოდ და მუშურ-გლეხური სახელმწიფოს ღალატი.

დადგენილება: იასონ მათეს ძე კერესელიძეს, 32 წლის, ყოფილ აზნაურს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჯაშუშს, რომლის საქმიანობაც მდგომარეობდა ჩოლოყაევთან (ჩოლოყაშვილთან) მეკავშირეობაში, მ ი ე ს ა ჯ ო ს სასჯელის უმაღლესი ზომა – დ ა ხ ვ რ ე ტ ა.

  • იასონი დახვრიტეს 1923 წლის 21 მაისს. 4:30.
- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img