გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით არის წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე თავის კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ პარტიის მდივანმა, კახა ქემოკლიძემ ბრფინგზე განაცხადა. ქემოკლიძის თქმით, მათი წარმოდგენით, ამ კონფიგურაციაში, მათ კანდიდატებს მხარს დაუჭერენ როგორც “ქართული ოცნების”, ისე “ერთანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
“ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში, რომლებმაც კონტროლი უნდა გაუწიონ ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლს.
კიდევ ერთხელ მივმართავთ “ოცნებას”, არ გააგრძელოს პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე.
ხოლო საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ – დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომები“. – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
ცნობისათვის, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა 7 მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაკარგა: წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის. სწორედ ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში აქვს გახარიას პარტიას გადამწყვეტი ხმები.