არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მისი თქმით, კონკრეტული პატიმრის მდგომარეობა არის თუ არა შესაბამისი იმ პირობების, როდესაც გადავადება უნდა მოხდეს, ეს უნდა დაადგინოს კვალიფიციურმა ექსპერტიზამ.
ხიდაშელის განმარტებით, ექსპერტიზა უნდა დაინიშოს ყველასთვის სანდო, მათ შორის საერთაშორისო შემადგენლობით.
„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთ-ერთი პირველი იმ ჩამონათვალში, რომელშიც საერთაშორისო კონვენციები ითვალისწინებს. იმისთვის, რომ დადგინდეს ამა თუ იმ პატიმარს უნდა გადაუვადდეს თუ არა ამ მიზეზით სასჯელის მოხდა, ამისთვის არსებობს პროცედურები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სამედიცნო პრობლემების შემთხვევაში შესაბამისი ექსპერტიზა. ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაყვანა- არგადაყვანაზე და გაწელილი 50-დღიანი დრამის მორიგი სერიის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლებას გაკვეთილი უნდა ესწავლა და რაც შეიძლება სწრაფად თავად გაუკეთოს ინიცირება ასეთი ექსპერტიზის დანიშვნას. ამას არ სჭირდება არაფერი სირთულე, ექსპერტიზა უნდა დაინიშოს ყველასთვის სანდო, მათ შორის საერთაშორისო შემადგენლობით, ეს სრულად შესაძლებელი და კანონიერია. მოთხოვნა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით გასაგებია, კანონი ასეთ რამეს ითვალისწინებს, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რომ გასცეს პასუხი. ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი პასუხი იქნება, რაც შეიძლება სწრაფად მორიგი დრამის ასაცილებლად ადვოკატთან და პირად ექიმთან თანამშრომლობის რეჟიმში შეირჩეს ისეთი ექსპერტიზის გუნდი, რომლის მიმართაც ყველა მხარე წინასწარ განაცხადებს ნდობას“ , – აცხადებს ხიდაშელი “ინტერპრესსნიუსთან”.
კითხვაზე, ვინ უნდა გაასამართლოს მიხეილ სააკაშვილი და უნდა იყოს თუ არა ეს ქართული სასამართლო, ხიდაშელი პასუხობს, რომ სააკაშვილი ქართულ სასამართლოს უკვე გასამართლებული ჰყავს და განაჩენიც გამოტანილია. მისივე თქმით, სააკაშვილს ყოველთვის შეუძლია და მანამდეც შეეძლო, რომ მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და გაასაჩივროს.
რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ შესაძლებელია სააკაშვილის საქმეზე მოხდეს უცხოელი მოსამართლების მოწვევა, თინა ხიდაშელის თქმით, ასეთი პროცედურა საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს.