თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს და უნდა იზრუნონ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდნენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მას მოუწევს ციხეში ჯდომა.
„ვის აქვს კრიზისი? კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ. მე მგონია, ეს წლები ძალიან კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ იმოქმედონ მომავალში, რადგანაც დესტრუქცია, მუდამ არეულობის მცდელობა, აზიანებს მათ და აზიანებს ქვეყანასაც, თუმცა, პირველ რიგში, ხდება მათი პარტიის მარგინალიზაცია. შესაბამისად, ამ პარტიის ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ როგორ იმოქმედონ. დღემდე მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის მარცხისთვის იყო განწირული. თუ ასეთი მიდგომები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. მას მოუწევს ციხეში ჯდომა. მიმდინარეობს სხვა საქმეების გამოძიება და დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ შესაბამისი ორგანოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.