ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, რადგან ძალიან კონკრეტულად მაინტერესებს ხედვა, რაზეა ლაპარაკი,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა საინიციატივო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს.
მისი თქმით, ის, რომ ორგანიზატორები არ არიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართლიან მოთხოვნას და ამ მოთხოვნით გამართულ აქციას არ უერთდებიან.
„ჯგუფი კონკრეტული სამოქმედო გეგმის გარეშე ვერ იქნება. ჩვენ ჩვენეული ხედვა ჩამოვაყალიბეთ რა გზით შეიძლება წავიდეს ეს პროცესი, სხვა ხედვას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუკი ეს იქნება მათი პარტიული ინიციატივა, კი ბატონო, გააკეთონ. ჩვენ ორგანიზატორები რომ არ ვართ აქციების, ეს არ ნიშნავს, რომ სამართლიან მოთხოვნის სახით როცაა პროტესტი, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამაზე პოზიცია არ გვქონდეს, ან ჩვენი წარმომადგენლები არ შეუერთდნენ გარკვეულ აქციებს. ორგანიზატორი რომ არ ხარ ნიშნავს, რომ შენ არ ხარ იმ სტრატეგიაზე პასუხისმგებელი რაც დგას აქციების უკან, რომელ სტრატეგიასაც მე დეტალურად ვერც ვხედავ, აქედან გამომდინარე, პროცესი გვიჩვენებს, დღეს ეს პოზიცია გვაქვს და თუ დავინახავთ ისეთ ინიციატივას, რომელიც უკეთეს გამოსავალს აჩვენებს, მზად ვართ ვიმსჯელოთ ამაზე”, – განაცხადა ვაშაძემ.