საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადდებით, უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შესვლის შესაძლებლობას მისცემს.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მისი უფლებამოსილება ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს და რადგან გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, ამ შემთხვევაში, მოხდა გარკვეული დროით შეფერხება.
“შევეცადეთ, გვეპოვა ფორმა, რომელიც დეპუტატებს საშუალებას მისცემს, მოინახულონ პატიმარი სააკაშვილი. ყოველთვის ჰქონდათ დეპუტატებს საშუალება, ჩვენ გვქონდა ფრაქციებთან კომუნიკაცია და არა მხოლოდ ერთი ან ორი პარტიის, ყველა დეპუტატი, ვისაც სურვილი ჰქონდა, მიეცათ საშუალება, მოენახულებინათ სააკაშვილი. რაც შეეხება ჩემს უფლებამოსილებას, ეს ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს; შესაბამისად, გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას და ამ შემთხვევაში, მოხდა გარკვეული დროით შეფერხება, სწორი გადაწყვეტილება მიგვეღო სამართლებრივად, თუ როგორ გაგრძელდებოდა, შეშვების სამართლებრივი საფუძველი რა იქნებოდა – დეპუტატების შეშვების.
მე ვიცი, რომ დღეს დილიდან შეხვედრა იყო როგორც პარლამენტის მხრიდან – მიხეილ სარჯველაძე, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იყო ოპოზიციის წარმომადგენელიც და როგორც ვიცი, უკვე შეთანხმდნენ იმ ბრძანების ფორმატზე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, უკვე შეუფერხებლად შევიდნენ. თუ არ ვცდები, დღეს უკვე მოახერხა ერთმა დეპუტატმა შესვლა ან აპირებს შესვლას – ეს დეტალები აღარ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ არასდროს არ ყოფილა შეზღუდვა, ჩანაწერი კანონში რაც არის, იმ ფარგლებში პირდაპირ გორის ჰოსპიტალში შესვლა გამორიცხული იყო, ჩემი უფლებამოსილებით და ბრძანებით განსაზღვრულიყო, ამიტომ შევეცადეთ, გვეპოვა ის ფორმა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მოინახულონ პატიმარი“,-განაცხადა კუჭავამ.