არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის “დელტა“ ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები ჯერჯერობით უცნობია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ჯანმო-ს ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე კორონავირუსით დაავადებულების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები იმის დასადგენად, ამის მიზეზი „ომიკრონია“ თუ სხვა შტამები.
ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ უცნობია ისიც, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით.
„ჯერჯერობით გაურკვეველია, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით. წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა კონკრეტულად „ომიკრონით“ დაინფიცირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი მუშაობენ ტექნიკურ პარტნიორებთან იმის დასადგენად, რა პოტენციური ზეგავლენა აქვს „ომიკრონ“ ვარიანტს კორონავირუსის საწინააღმდეგო არსებულ ზომებზე, მათ შორის ვაქცინებზე.
„ვაქცინები რჩება კრიტიკულად მნიშვნელოვან ზომად მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად, მათ შორის დომინანტური ვარიანტის, „დელტას“ წინააღმდეგ,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.