შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, მაგდალენა ანდერსონი თანამდებობის დატოვებიდან რამდენიმე დღეში პოსტს კვლავ დაუბრუნდა. ის ერთპარტიულ მთავრობას შემდეგი წლის სექტემბრის არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის 349 წვრიდან 174-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, 117-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 57-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. შვედეთის კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად საკმარისია, რომ მის წინააღმდეგ უმრავლესობამ არ მისცეს ხმა.
მაგდალენა ანდერსონი პრემიერად ოთხშაბათს აირჩიეს, თუმცა რამდენიმე საათით. გადადგომის მიზეზი გახდა მწვანეთა პარტიის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა კოალიცია, რომელიც ანდერსონის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ჰქონდა. ამასთან, პარლამენტმა ქვეყნის წარმოდგენილი ბიუჯეტის დამტკიცებაზეც უარი თქვა. ანდერსონის წამოყენებული ბიუჯეტის ნაცვლად პარლამენტმა ოპოზიციის წარდგენილი ბიუჯეტი მიიღო.
როცა პარტია კოალიციას ტოვებს, პრემიერ-მინისტრს გადადგომა უწევს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს.
მაგდალენა ანდერსონის არჩევამდე შვედეთი ჩრდილოეთ ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც ქალი ლიდერი აქამდე არ ჰყოლია. 54 წლის ანდერსონმა ამ პოსტზე სტეფან ლევენი შეცვალა.